მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს
რელიგია - 00:04, 16 Apr, 2020     22487
დიდ ხუშაბათს წმიდა ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეების ფეხთბანას, ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსემანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას. მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებულ მორწმუნეს ზიარება წლის ნებისმიერ დროს შეუძლია, არსებობს დიდ ხუთშაბათს ზიარების ქრისტიანული ტრადიცია. ამ დღეს უზიარებლად დატოვება ერთ-ერთ მძიმე სასჯელად ითვლებოდა, თუმცა მცდარია შეხედულება, თითქოს დიდი ხუთშაბათის ზიარება რაიმეთი აღემატებოდეს სხვა დღეებში მიღებულს. უფლის სისხლი და ხორცი მარად უცვლელია.


"დღეს დაასრულა მაცხოვარმა საფუძველი ახლისა აღთქმისა, დღეს მან მოწაფეთა თვისთა უკანასკნელნი თვისნი დიდნი მცნებანი და სწავლანი, ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, დღეს მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა, დაბანა რა ფერხნი მათნი. ერთი სიტყვით, როგორადაც აღდგომა ქრისტესი არის დაგვირგვინება მისისა საქმისა და ჩვენი სჯულისა, მზგავსადვე დღევანდელი დღე იყო შევსება და დასრულება მისისა სჯულის დებისა,“ - ამბობს წმინდა გაბრიელი (ქიქოძე) თავის ქადაგებაში.

დიდი ხუთშაბათის მსახურებაში, მოთხრობილია იმ მოვლენებზე, რომლებიც წინ უსწრებდა მაცხოვრის ვნებას. კონკრეტულად: მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექის აღსრულება, ფეხთბანვა, ევქარისტიის საიდუმლოს დაწესება და იუდას მიერ მაცხოვრის გაცემა.

საიდუმლო სერობა

უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება. ორი დღის შემდეგ ეგვიპტის ტყვეობიდან მათი გამოხსნის აღსანიშნავად ებრაელები უდიდეს დღესასწაულს პასექს ზეიმობდნენ. დღესასწაულის წინა საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი ერთი წლის ბატკანს ან თიკანს კლავდა, მთლიანად წვავდა და ოჯახთან ერთად შეექცეოდა. პასექის მიღება წინა დღითაც შეიძლებოდა, განსაკუთრებით - გალილეიდან მოსულთათვის. უფალმა, რაკი იცოდა, რომ თავი პასექის დღესასწაულზე უნდა შეეწირა, სერობა სწორედ წინა დღეს, ხუთშაბათს გამართა.

იუდას მხილება

საღამოს უფალი მოციქულებთან ერთად მივიდა იმ სახლში. როცა პასექის საჭმელად დასხდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. მოციქულები გაოგნებულნი ეკითხებოდნენ, ვინ იქნებოდა გამცემი. უფლისადმი ერთგულებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ სწამდათ, რომ უფალმა მათი გულისნადები მათზე უკეთ იცოდა. უფლისაგან ფარულად მხილებულმა იუდამ წარბი არ შეიხარა და კადნიერად იკითხა, ვინ არისო გამცემი. რაკი ფარულმა მხილებამ არ გაჭრა, მაცხოვარმა სხვებისგან შეუმჩნევლად პირდაპირ უთხრა იუდას, რომ სწორედ ის იყო გამცემი. იუდაზე არც ამან გაჭრა. მაშინ უფალმა მოციქულებს დაუფარავად განუცხადა, რომ გამცემი მასთან ერთად ჯამში ამოაწობდა ლუკმას. ასეთი მოქმედებით უფალმა გვიჩვენა, რომ ცოდვილის გადარჩენას ბოლომდე უნდა ვეცადოთ.

ზიარების საიდუმლო

ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“ (ლუკ. 22, 19), - შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: „სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 27-28). ამით უფალმა დააწესა ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო - ზიარება.

როგორც სახარება გვასწავლის, ზიარების გარეშე ცხონება შეუძლებელია. ღირსეულად მიღებული უფლის სისხლი და ხორცი დემონებს განაგდებს ჩვენგან და მცველად ანგელოზებს უხმობს. ქრისტიანები ერთი ბარძიმიდან ვიღებთ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდელმსახურის მიერ სულიწმიდის მოხმობით რეალურად გარდაიქცევა იესო ქრისტეს წმინდა სისხლად და ხორცად. ზიარების შემდეგ ქრისტე ჩვენში შემოდის. მასთან ზიარებით ერთმანეთთანაც ვერთიანდებით, ვხდებით ქრისტეს სხეულის - ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები, რომლის თავი თავად უფალი იესო ქრისტეა.

ფერხთბანა

შემდეგ უფალმა ზედა შესამოსელი გაიხადა, არდაგი (შესამშრალებელი ნაჭერი) წელზე შემოირტყა, წყალი საბანელში ჩაასხა და მოწაფეებს ფეხები დაბანა. ამით მან ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულის უმაღლესი მაგალითი გვიჩვენა და გვასწავლა, რომ ერთმანეთსაც ასეთივე მორჩილებით ვემსახუროთ. მორჩილება თავი და ბოლოა ყოველგვარი სათნოებისა.

იუდას განზრახვის მიუხედავად, უფალმა პირველს სწორედ მას დაბანა ფეხები, მაგრამ ვერც ამით შეძლო მისი ბოროტების ალაგმვა.

ადამიანს შემოქმედისგან თავისუფალი ნება აქვს მინიჭებული, ამიტომ მაცხოვარი ცდილობს, იუდამ არა ძალდატანებით, არამედ საკუთარი ნებით თქვას უარი თავის განზრახვაზე. ადამიანთა გამოხსნაც თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს.

* * *

დიდ ხუთშაბათსვე დააგვირგვინა მაცხოვარმა ყოველი თავისი სწავლანი უმშვენიერესი და უტკბილესი სიტყვებით, რომლითაც ნუგეში სცა და გამოეთხოვა საყვარელ მოწაფეებს.

* * *

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფლვით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით. „თორმეტი სახარების“ კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც ერთი მხრივ, ჩვენი მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებაა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.

აი, რომელი „სახარებები“ იკითხება ამ მსახურების დროს:

პირველი - იოანეს სახარება 13:31 - 18:1
მეორე - იოანეს სახარება 18:1-28
მესამე - მათეს სახარება 26:57-75
მეოთხე - იოანეს სახარება 18:28 - 19:16
მეხუთე - მათეს სახარება 27:3-32
მეექვსე - მარკოზის სახარება 15:16-32
მეშვიდე - მათეს სახარება 27:33-54
მერვე - ლუკას სახარება 23:32-49
მეცხრე - იოანეს სახარება 19:25-37
მეათე - მარკოზის სახარება 15:43-47
მეთერთმეტე - იოანეს სახარება 19:39-42
მეთორმეტე - მათეს სახარება 27:62-66



მომზადებულია ჟურნალ "კარიბჭის" მასალების მიხედვით









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42