,,დავით აღმაშენებელი იყო 16 წლის, როცა ღვთის განგებით მას სამეფო გვირგვინი დაედგა. საქართველო მაშინ იყო დარღვეული ქვეყანა და დავითი იყო პიროვნება, რომელმაც სამეფო აღადგინა. აღადგინა ჩვენი ქვეყანა და ეკლესია. დავითი იყო ის მეფე, რომელმაც მოიწვია რუის-ურბნისის ისტორიული კრება და მოხდა სულიერი გაწმენდა საქართველოსი და ქართული ეკლესიისა. ჩვენ როცა დავით აღმაშენებლის შესახებ ვსაუბრობთ, აუცილებლად ხაზი უნდა გავსუვათ მის სულიერებას. მისი ცხოვრების აღმწერელი ამბობს, რომ დავით აღმაშენებელს წირვის დროს უყვარდა სამოციქულოს კითხვა. როცა ომში მიდიოდა, მას ,,დავითნნი’’ და სხვა წიგნები მიჰქონდა. დავითმა დაარსა გელათის აკადემია, რომელიც სულიერებით მეორე იერუსალიმი იყო. ვფიქრობ, რომ ყოველი უმაღლესი სასწავლებელი, ასევე მეორე იერუსალიმი უნდა იყოს’’, - ბრძანა უწმინდესმა და უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორებს და სტუდენტებს უნივერსიტეტის დაარსების დღე მიულოცა.
,,შემთხვევითი არაა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავითობის დღეს დაარსდა. მინდა, მთელი ჩვენი ერის სახელით თსუ-ის რექტორს, პროფესორ მასწავლებლებს და სტუდენტებს, მომსახურე პერსონალს ეს დღე მივულოცო. მე ბევრი მიფიქრია იმის შესახებ, თუ რა ნაკლი მაქვს პირადად მე. სამწუხაროდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამთავრებული არ მაქვს და იმდენად დიდია ჩემს სულიერებაში ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობა, რომ რომ შემეძლოს დღესაც კი დავიწყებდი სწავლას ამ უნივერსიტეტში. აქ მოღვაწეობდნენ დიდი მასწავლებელები. მათ შორის, მინდა, გამოვყო ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც დიდი ტანჯვა გადაიარა ამ უნივერსიტეტის დასაარსებლად’’, - ბრძანა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






