სამართალდამცველებმა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის კვალს რამდენჯერმე მიაკვლიეს, თუმცა მისი დაკავება ვერ მოხერხდა.
„კურიერის“ ინფორმაციით, შალვა აბულაძე მკვლელობის შემდეგ ვარკეთილის სოციალურად დაუცველთა თავშესაფრის ერთ-ერთ სათავსოში გაათენა ღამე.
პოლიციამ საცხოვრებლის ყველა ოთახი შეამოწმა, თუმცა დამნაშავეს ტერიტორია უკვე დატოვებული ჰქონდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავშესაფარის სხვენიც დაათვალიერეს.
4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
დამნაშავის ადგილსამყოფელის დასადგენად ამ დრომდე თბილისში და ბორჯომში ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






