ვარკეთილში დაჭრილმა პოლიციელმა საავადმყოფოში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს წერილი დაუწერა.
როგორც წერილშია ნათქვამი, ის წუხს, რომ თავდამსხმელის წინააღმდეგ დროული რეაგირება ვერ შეძლო.
მან ასევე აღწერა ვარკეთილში 4 აპრილს მომხდარი ფაქტი და მისი მეგობარი მოიკითხა. როგორც ცნობილია ვალერიან გრძელიშვილმა ბექა მარგიშვილის გარდაცვალების შესახებ არ იცის.
4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






