ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის თაობაზე აშშ-ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პირველი ფაზა 2 აპრილს მიღწეული წინასწარი შეთანხმების შედეგად წარმატებით დასრულდა. ეს შეთანხმება საბოლოო სრულყოფილი შეთანხმების ძირითადი პრინციპების განსაზღვრებას წარმოადგენს, შედეგად აღარ არსებობს მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება, რამაც შესაძლოა პროცესის წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. საბოლოო შეთანხმება გეგმის მიხედვით არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 ივლისისს უნდა გაფორმდეს, რის შემდეგაც ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უდიდესი ნაწილი უნდა გაუქმდეს. აღსანიშნავია, რომ ირანმა და აშშ ბირთვული საკითხზე მოლაპარაკებები პრაქტიკულად ორმხრივ ფორმატში გადაიტანეს და ე.წ. ექვსეულის ქვეყნებს, რომლებიც აგრეთვე იყვნენ მოლაპარაკებებში ჩართული, პოსტფაქტუმ აცნობდნენ საკუთარ გადაწყვეტილებებს.
აშშ-ის მხარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს ხაზს უსვამდა, რომ ირანთან გარიგება არის საუკეთესო გამოსავალი ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის არშექმნის გარანტიის მისაღებად. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განმარტა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საბოლოო მიზანიც სწორედ ირანის იძულება იყო რომ სერიოზული მოლაპარაკებების პროცესში ჩართულიყო.
თავად წინასწარი შეთანხმება საკმაოდ სრულყოფილ დოკუმენტს წარმოადგენს და, ძირითადი პრინციპების განსაზღვრის გარდა, მნიშვნელოვან დეტალებს მოიცავს. 30 ივნისამდე მოლაპარაკებების ძირითადი საგანი უკვე არსებული დოკუმენტის საბოლოო ტექსტის მომზადება და შეთანხმების იმპლემენტაციის მექანიზმების შექმნა იქნება. საერთო ჯამში გამოქვეყნებული დოკუმენტიდან შემდეგი ძირითადი პრინციპები შეიძლება გამოვყოთ:
• 10 წლის ვადით ირანი საკუთარი 19,000 ცენტრიფუგიდან შეინარჩუნებს 6,104 ცენტრიფუგას, რომელთაგან მოქმედ მდგომარეობაში იქნება 5,060 ცენტრიფუგა.
• 15 წლის ვადით ირანი არ მოახდენს ურანის გამდიდრებას 3.67% მეტად. (ბირთვული იარაღის საწარმოებლად საჭიროა ურანის 90% გამდიდრება.) ურანის გამდიდრებისას ირანი გამოყენებს მხოლოდ IR-1 მოდელის ცენტრიფუგას რომელიც პირველი თაობისაა და ტექნოლოგიურად საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები აქვს.
• 15 წლის ვადით ირანი დათანხმდა, რომ გამდიდრებული ურანის 10,000 კგ მარაგიდან დაიტოვებს მხოლოდ 300 კგ-ს. შენარჩუნებული ურანის მარაგი არ იქნება გამდიდრებული 3.67% მეტად.
• 15 წლის განმავლობაში ირანი არ განავითარებს არანაირ ინფრატსრუქტურას ურანის გამდიდრებისათვის.
• 15 წლის ვადით ირანი გარდაქმნის ფორდოს ბირთვულ ობიექტს და ურანის გამდიდრების ნაცვლად მას მხოლოდ კვლევითი ობიექტის სახე ექნება.
• ატომური ენრეგიის საერთაშორისო სააგენტის ექნება რეგულარული დაშვება ირანის ბირთვულ პროგრამაზე;
• ირანს აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნება მას შემდეგ რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო დაადსტურებს, რომ ქვეყანამ შეასრულა ყველა აღებული ვალდებულება. შეთანხმების მიხედვით თუ ნებისმიერ ეტაპზე ირანი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს სანქციები დაბრუნდება უკან.
• ირანის მხრიდან ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში მყისიერად მოხსნება გაეროს უშიშროების საბჭოს ეგიდით დაწესებული სანქციები.
• შეთანხმების მიუხედავად ძალაში დარჩება აშშ-ის სანქციები ირანის წინააღმდეგ ტეროროზმის, ადამიანის უფლებების დარღვევის და ბალისტიკური რაკეტების კუთხით.
ირანთან გარიგების მნიშვნელობა
ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები რეალურად სცდება ბირთვული პროგრამის საკითხს და აშშ-ის მხრიდან გლობალურ ძალთა ბალანსში სტრატეგიული გარდატეხის შეტანის მცდელობას წარმოადგენს. ირანთან გარიგების საბოლოო მიზანი, ამ სახელმწიფოს მოკავშირედ გადაქცევაა რაც არამხოლოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არამედ გლობალური მასშტაბით, შეცვლის არსებულ რეალობას.
აშშ-ის სტრატეგიული ამოცანები რეგიონულ დონეზე
სტრატეგიულ დონეზე ახლო აღმოსავლეთი რეგიონი ორად არის გახლეჩილი. ერთ მხარეს საუდის არბეთის მეთაურობით სუნიტები წარმოადგენენ, ხოლო მეორე მხარეს უკვე ირანის მეთაურობით შიიტები (ტაქტიკურ დონეზე არსებობს სუნიტების და შიიტების თანამშრომლობის შემთხვებიც, თუმცა აღნიშნული საერთო სურათს არ ცვლის). სწორედ შიიტურ-სუნიტური დაპირისპირების კონტექსტში ვითარდება რეგიონში არსებული კრიზისული პროცესები. სირიაში, ერაყში, ლიბანში და იემენში მიმდინარე მოვლენები რეალურად სექტარულ დაპირისპირებას წარმოადგენს და არა მოსახლეობის მხრიდან დემოკარატიული ფასეულობებისთვის ბრძოლას.
ირანმა სირიის და ერაყის კრიზისების ფონზე უდიდესი გავლენა მოიპოვა სირიასა და ერაყში. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებში ხშირად პირდაპირ არის ჩართული ირანის ელიტარული დანაყოფები. ერაყის არმიის კოლაფსის შემდეგ ოფიციალური ბაღდადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადამწყვეტ როლს ასრულებენ უშუალოდ ირანის ხელშეწყობით გაწვრთნილი და აღჭურვილი შიიტური გასამხედროებული ფორმირებები. ირანის გავლენის ქვეშ არის ლიბანში მოქმედი შიიტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლა“, რომელიც თავის მხრივ, სირიის ხელისუფლების მხარდასაჭერად აქტიურად მოქმედებს სირიაში. „ჰეზბოლა“ ლიბანში ტერორისტული დაჯგუფებისთვის დამახასიათებელი კლასიკური ტაქტიკით იატაკქვეშეთიდან არ მოქმედებს და ქვეყნის მმართველობაშია წარმოდგენილი. ამავდროულად, იემენში შიიტური აღმსარებლობის ჰუტებმა სახელმწიფო გადატრიალება განახორციელეს და ამჟამად ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთს მათ შორის დედაქალაქს აკონტროლებენ.
მთლიანობაში, განვითარებულმა პროცესმა ცხადყო, რომ ირანი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და მისი მონაწილეობის გარეშე ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სტაბილიზაცია შეუძლებელია. ირანი საკუთარი შესაძლებლობებით გაცილებით აღმატებულია ვიდრე აშშ-ის მთავარი რეგიონული დასაყრდენი საუდის არაბეთი, რომელიც შეიარაღებული ძალების განვითარებაში უდიდეს ინვესტიციას დებს. (საუდის არაბეთი 2014 წელს შეიარაღების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი იყო და მთლიანობაში 6.5 მილიარდი აშშ დოლარის შეიარაღება და აღჭურვილობა შეიძინა).
ირანის მძლავრი პოზიციებიდან გამომდინარე, ვაშინგტონი უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში შემდეგი არჩევანის წინაშე იდგა: 1) აშშ-ის თეორიულად შეუძლია გააგრძელოს 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომელიც მთელი აქცენტის სუნიტურ სახელმწიფოებზე გაკეთებას და ირანის იზოლაციას გულისხმობს. თუმცა ასეთ შემთხვევაში გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად დადგება ფართომაშტაბიანი სამხედრო ჩარევის აუცილებლობა, რადგან რეგიონის მთელ რიგ ქვეყნებში, ირანის გავლენის აღმოფხვრა სხვა სახის ზეწოლით პრაქტიკულად გამორიცხულია. 2) ირანთან მაშტაბური გარიგების მიღწევით ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ბალანსის დააბრუნება 1979 წლამდე არსებულ მდგომარეობაში, როდესაც სუნიტურ სახელმწიფოების უმრავლესობასთან ერთად, ირანიც აშშ პარტნიორი იყო და ვაშინგტონი რეგიონის უსაფრთხოების ქოლგის როლს ასრულებდა. ამისათვის კი, თავის მხრივ, აუცილებელია ირანის ინტერესების გათვალისწინება და მასთან გარიგება.
ირანთან გარიგების მოტივაციას ის გარემოება ზრდის, რომ მხოლოდ სუნიტურ ფლანგზე აქცენტის გაკეთებით კიდევ უფრო გაიზრდება რეგიონში რელიგიური სიძულვილი. აღნიშნული კი არამხოლოდ შიიტურ-სუნიტურ პოლარიზაციას და კრიზისის გაფართოებას არამედ აშშ პარტნიორი სუნიტური სახელმწიფოების დესტაბილიზაციის შესაძლებლობასაც წარმოქმნის. აშშ-ისთვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორ სახელმწიფოებში ბაჰრეინსა და ქუვეითში შიიტი მუსლიმები მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ, ხოლო მმართველ ფენას სუნიტური მონარქიული რეჟიმები. შიიტების სოლიდური უმცირესობა ცხოვრობს საუდის არბეთშიც, შესაბამისად რელიგიური პოლარიზაცია ზრდის ამ სახელმწიფოების დესტაბილიზაციის საფრთხესაც. აშშ-სთვის კიდევ უფრო საგანგაშოა რელიგიური დაპირისპირების ფონზე სუნიტი მუსლიმების რადიკალიზაციის მზარდი პროცესი. ლიბანში, სირიაში, ერაყსა და იემენში განცდილი წარუმატებლობის ფონზე, სუნიტი მუსლიმების უფრო და უფრო დიდი ნაწილის კონსოლიდაცია ხდება, არა სეკულარული პოლიტიკური ძალების, არამედ რადიკალური ფორმირებების ირგვლივ. ეს კი, გარდა იმისა, რომ კრიზისულ სახელმწიფოებში სუნიტების მარგინალიზაციას განაპირობებს, თავად მოკავშირე სუნიტური ქვეყნების დესტაბილიზაციის შესაძლებლობას წარმოშობს. სუნიტური მოსახლეობის სულ უფრო მზარდი რაოდენობა რელიგიური სენტიმენტების გამძაფრების კვალდაკვალ რადიკალური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ექცევა და მმართველი რეჟიმებისადმი დამოკიდებულება სულ უფრო უარყოფითი ხდება.
ირანთან საბოლოო შეთანხმების პირობებში კი, აშშ რეგიონში მიმდინარე შიიტურ-სუნიტური დაპირისპირების ორივე საკვანძო მოთამაშის საუდის არაბეთის და ირანის საერთო პარტნიორი გახდება, რაც თავის მხრივ ამ სახელმწიფოებისთვის იქნება გარანტია, რომ დაცული იქნება ბალანსი. ამგვარი სცენარის განვითარებას ის გარემოებაც უწყობს ხელს რომ აშშ, ირანს ყოველთვის მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშედ აღიქვამდა და 1979 წლამდე ირანის შაჰის მმართველობის პირობებში ქვეყანა საკვანძო დასაყრდენს წარმოადგენდა. შესაბამისად აშშ-ის მხრიდან ირანთან მიმართებაში არა ქვეყნის როლის ხელახალი გააზრება, არამედ მმართველი რეჟიმის ახალი კუთხით დანახვა ხდება.
ირანთან გარიგების სტრატეგიული მნიშვნელობა გლობალური თვალსაზრისით
ირანთან შეთანხმების მიღწევას რეგიონული მიზნების გარდა უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია გლობალური თვალსაზრისით. უკანასკნელი წლების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობით ყველაზე მეტად რუსეთმა ისარგებლა. იმ ფონზე, როდესაც სუნიტური სახელმწიფოების პარტნიორად აშშ მოიაზრება, მოსკოვი ცდილობს შიიტების სტრატეგიული პარტნიორის როლი მოირგოს რაც მას რეგიონში ძლიერ დასაყრდენს შესძენს. რუსეთის ბოლო წლების პოლიტიკამ აჩვენა რომ მოსკოვი მზად არის, შიიტებისთვის შეიარაღების მიწოდებით და პოლიტიკური მხარდაჭერით მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციის მასშტაბის ზრდას. შედეგად, რუსეთი ერთი მხრივ შიიტური ძალების მასზე დამოკიდებულების მიღწევას იმედოვნებს, ხოლო მეორე მხრივ ვაშინგტონს გამოფიტავს, რადგან აშშ იძულებული ხდება რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლო აღმოსავლეთზე მიმართოს. ამ პირობებში კი რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უადვილდება მოქმედება.
რუსეთი, ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დესტაბილიზაციით და პოლარიზაციით ენერგო ბაზარზეც იმედოვნებს დომინანტური პოზიციის მოპოვებას, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ნავთობის ფასის ზრდა და ევროპის ბუნებრივი აირის უალტერნატივო მიმწოდებლის როლის შენარჩუნება.
სწორედ ამიტომ, ირანთან გარიგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ენერგო ბაზარზე რუსეთის როლის შემცირების თვალსაზრისით. ირანი ბუნებრივი აირის და ნავთობის უდიდეს მარაგს ფლობს, რომლის ბაზარზე გამოჩენის შემთხვევაში ნავთობის ფასი მნიშვნელოვანი შემცირება. ამავდროულად გაჩნდება ევროპის ალტერნატიული ენერგო რესურსებით უზრუნველყოფის რეალური შესაძლებლობა. ბოლო 1 წლის განმავლობაში, თურქეთი უკვე ინტენსიურად ცდილობს ირანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი გაზარდოს. პერსპექტივაში განიხილება ირანული გაზის ტრანზიტიც.
ენერგო ბაზარზე რუსეთის როლის შემცირებას და ნავთობის ვარდნას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობა აქვს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეკავების თვალსაზრისით. ირანთან საბოლოო შეთანხმების მიღწევის და ირანული ბუნებრივი რესურსების ბაზარზე გამოჩენის შემთხვევაში აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ 2-3 წლის ვადაში რუსეთის ეკონომიკა სრულ კოლაფსამდე მივიდეს, რაც კრემლს საკუთარი იმპერიალისტური იდეების განხორციელების საშუალებას არ მისცემს.
ირანის მოტივაცია
თავის მხრივ, ირანის მზაობა, რომ აშშ-სთან შეთანხმებისთვის მიღწია, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების გარდა, სწორედ რეგიონის მზარდმა პოლარიზაციამ და ამ პროცესში რუსეთის როლის ზრდამ განაპირობა. მართალია სირიის კრიზისის ფარგლებში რუსეთი და ირანი პრაქტიკულად შეთანხმებულად მოქმედებენ, თუმცა თეირანს რუსეთზე შიიტების მზარდი დამოკიდებულება აშფოთებს. ტაქტიკურ დონეზე ინტერესთან თანხვედრის მიუხედავად, რეგიონში ირანის და რუსეთის მიზნები აბსოლუტურად განსხვავდება. ირანს დამოუკიდებელ რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბება სურს რაც რუსეთის ამბიციებთან მოდის წინააღმდეგობაში. რუსეთს და ირანს შორის არსებობს მნიშვნელოვანი შეუთანხმებლობებიც (ამ ეტაპისთვის შეუთანხმებლობა, განსაკუთრებით კასპიის ზღვის ტერიტორიული წყლების გადანაწილების საკითხში ჩანს). შესაბამისად, ირანს რეგიონული პროცესების უკიდურესი გამწვავება და რუსეთზე დამოკიდებულ მდგომარეობაში საკუთარი თავის ჩაყენება არ სურს.
აშშ-ის მხრიდან ირანის მიმართ პოზიციის ცვლილების ფონზე დიდი ალბათობით ირანმა დაინახა შესაძლებლობა, რომ გეოგრაფიულად მოშორებული აშშ, უფრო მისაღები პარტნიორი შეიძლება აღმოჩნდეს, მითუმეტეს, რომ ვაშინგტონთან თანამშრომლობის მცდელობა უკვე ნათლად ჩანს – ერაყის მაგალითზე. ირანი და აშშ ოფიციალური კოორდინაციის გარეშე, თუმცა პრაქტიკულად ერთობლივად ებრძვიან „ისლამურ სახელმწიფოს“. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ირანის მონაწილეობა „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო მოქმედებებში, შესაძლებელია იყოს პოზიტიური.
შიდა პოლიტიკური უთანხმოება აშშ-ში
ირანის საკითხთან დაკავშირებით უპრცედენტო შიდა პოლიტიკური შეუთანხმებლობა არსებობს აშშ-ის პოლიტიკურ ძალებს შორის. აშშ-ის სენატში, უმრავლესობაში მყოფი რესპუბლიკური პარტია (სენატში რესპუბლიკური პარტია 54 მანდატს ფლობს დემოკრატები 44, ხოლო 2 წევრი დამოუკიდებელი სტატუსით არის წარმოდგენილი) ირანის მიერ ბირთვული ინფრასტრუქტურის ნაწილის შენარჩუნების პირობებში შეთანხმების დადებას ეწინააღმდეგება და სანქციების მოხსნას ეწინააღმდეგება.
რესპუბლიკური პარტია ობამას ადმინისტრაციას მოლაპარაკებების შესახებ მათთვის სრულყოფილი ინფორმაციის არ მიწოდებაშიც ადანაშაულებს. რესპუბლიკელებმა, შექმნილ ვითარებაში ერთ-ერთ გამოსავლად მიიჩნიეს სენატის მიერ ირანისთვის სანქციების გამკაცრების შესაძლებლობა, თუმცა პრეზიდენტმა ობამამ განმარტა, რომ ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებდა. შემდეგ რესპუბლიკური პარტიის წევრებმა უპრცედენტო ნაბიჯი გადადგეს და წერილით მიმართეს ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ჰამენეის. წერილის ავტორი 47 რესპუბლიკელი, ირანის სულიერ ლიდერს არწმუნებს რომ ირანთან შეთანხმებაზე აშშ-ში პოლიტიკურ ძალებს შორის თანხმობა არ არსებობს და ამგვარი გარიგება სხვა არაფერი იქნება თუ არა აიათოლას და ობამას შორის შეთანხმება, რომელიც მხოლოდ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის პირობებში იმოქმედებს (აღსანიშნავია, რომ ამ წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ის შიდა პოლიტიკაში და მისი წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო თავად რესპუბლიკური პარტიის 7 სენატორი წერილს არ შეუერთდა). მანამდე რესპუბლიკელმა სენატორებმა კარგად გამოიყენეს შეთანხმების მიმართ ისრაელის უარყოფითი დამოკიდებულებაც და 3 მარტს სენატში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, სიტყვით გამოსვლისთვის ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიწვიეს.
ისრაელის წინააღმდეგობა
ისრაელის უკმაყოფილება ირანთან შეთანხმების კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემობაა. ამ თავალსარიზისით, ისრაელში განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულება პრემიერ ნეთანიაჰუს პოლიტიკურ ძალა „ლიკუდს“ აქვს, იდეოლოგიურად მონათესავე მემარჯვენე ულტრა-ნაციონალისტურ პარტიებთან ერთად.
ისრაელის პოზიციით იმ პირობებში, როდესაც ირანი შეინარჩუნებს საკუთარი ბირთვული ინფრასტრუქტურის დიდ ნაწილს და სანქციების მოხსნის შედეგად ეკონომიკურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს, უარს იტყვის შეთანხმების პირობების შესრულებაზე და ტექნოლოგიების არსებობის პირობებში ძალიან სწრაფად მოახდენს ბირთვული იარაღის შექმნას. ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის სრულ დემონტაჟს ითხოვს ან სანქციების გამკაცრებას, რათა ირანის ისლამურმა რეჟიმმა არსებობა ვეღარ შეძლოს.
პრემიერმა ნეთანიაჰუმ 3 მარტს აშშ-ში სიტყვით გამოსვლისას ძირითადი აქცენტი ირანის ისლამური რეჟიმის და მისი მოკავშირეების აგრესიულ ბუნებაზე გააკეთა. მან ციტატა მოიყვანა აიათოლა ალი ჰამენეის ოფიციალური twitter-ის გვერდიდან, სადაც ის წერდა, რომ ისრაელი უნდა განადგურდეს.
ბუნებრივია, ისრაელში სერიოზულად არ მიჩნიათ, რომ ირანი ატომური იარაღის შექმნის შემთხვევაში მართლაც განახორციელებს ისრაელზე ბირთვულ დარტყმას. რეალურ საფრთხეს ისრაელი იმ გარემობაში ხედავს, რომ ეკონომიკური გაძლიერების და ბირთვული პროგრამის შენარჩუნების პირობებში ირანი ძლიერ რეგიონულ ძალად იქცევა, რომლის გავლენის შესაკავებლად ისრაელს მოქმედების შეზღუდული შესაძლებლობები ექნება. ისრაელის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლა“ კი პირდაპირ ირანთან არის დაკავშირებული.
ნეთანიაჰუს აშშ-ში ვიზიტმა ცალსახად უარყოფითი შეფასებები მიიღო ობამას ადმინისტრაციის მხრიდან. პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუს გამოსვლით ახალი არაფერი უთქვამს და აშშ-სთვის ალტერნატივა არ შეუთავაზებია. ობამას შეფასებით, მთავრი არის ის, რომ ისრაელი და აშშ აბსოლუტურად იზიარებენ საბოლოო მიზანს, რაც გულისხმობს, რომ ირანი იყოს ბირთვული იარაღის გარეშე. მისი თქმით, მთავარი შეუთანხმებლობა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საუკეთესო გზა ამ მიზნის მისაღწევად.
ირანთან შეთანხმების მხარდამჭერები ისრაელის პოზიციის შერბილებას იმედოვნებდნენ 17 მარტს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მრავალი გამოკითხვის მიხედვით მემარცხენე ცენტრისტული ბლოკი „სიონისტების გაერთიანება“ იმარჯვებდა. ამ პოლიტიკურ ძალას გაცილებით რბილი მიდგომები აქვს როგორც პალესტინის საკითხის, ისე ირანის მიმართ. თუმცა პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის საკითხის აქტუალიზაცია კარგად გამოიყენა შიდა პოლიტიკური მიზნებით ამომრჩევლის მობილიზაციისათვისაც. „ლიკუდი“ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა და 30 მანდატი მოიპოვა. საერთო ჯამში მემარჯვენენ ძალებმა პარლამენტში 120-დან 67 მანდატის მოპოვება შეძლეს, რაც სავარუდოდ ნეთანიაჰუს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს.
ისრაელის საპასუხოდ, ირანის მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა ნათლად წარმოაჩინა რომ შეთანხმების შენარჩუნების მიზნით ადგილი აქვს რიტორიკის შერბილებას ისრაელის მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფიმ განაცხადა, რომ ირანს ისრაელის განადგურების განზრახვა არ აქვს. ზარიფის განცხადებით, თუ ირანს ებრაელების განადგურების სურვილი ექნებოდა, მაშინ ირანში არ იცხოვრებდა ებრაული თემი და ამ თემს პარლამენტში არ ეყოლებოდა საკუთარი წარმომადგენელი. მისი თქმით, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ირანში ყოველ 150 000 მუსლიმზე, 1 პარლამენტარი მოდის მაშინ, როდესაც 20 000-ზე ნაკლებ ებრაელს საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ პარლამენტში.
მოკავშირე არაბული სახელწმიფოების წინააღმდეგობა
ირანის და აშშ-ს სავრაუდო შეთანხმების მიმართ ცალსახად უარყოფითი პოზიცია აქვთ აშშ-ის მოკავშირე არაბულ სახელმწიფოებს საუდის არაბეთის ლიდერობით. საუდის არაბეთი ირანის გაძლიერებას და, მითუმეტეს, ირანის ბირთვული პროგრამის შენარჩუნებას უდიდეს საფრთხედ განიხილავს. არაბული ქვეყნების პოზიციით, გაძლიერების შემთხვევაში ირანი უშუალოდ მათ ტერიტორიაზე მცხოვრები შიიტების პროვოცირებას მოახდენს და აშშ თეირანის აგრესიულ პოლიტიკას ვეღარ შეაკავებს.
საუდის არბეთი აგრეთვე ხაზს უსვამს, რომ ირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის შენარჩუნება არამხოლოდ მას, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებსაც უბიძგებს ანალოგიური პროგრამის განვითარებისკენ. საუდის არბეთი საპასუხოდ ბირთვული პროგრამის შექმნის საკითხზე დიდი ხანია აპელირებს. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საუდის არაბეთის კავშირები პაკისტანთან. წლების განმავლობაში, საუდის არაბეთი დიდი რაოდენობით ყიდულობს პაკისტანის წარმოების შეიარაღებას. საუდის არაბეთის მხრიდან უსარგებლო პაკისტანური შეიარაღების შესყიდვის ერთადერთ მიზნად ბირთვული ტექნოლოგიის ან საერთოდაც ბომბის მიღება სახელდება.
რუსეთის ფარული წინააღმდეგობა
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ე.წ. ექვსეულის ფორმატის წევრია, მოსკოვი ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის რეალური დარეგულირებით არასოდეს ყოფილა დაინტერესებული. რუსეთი ერთი მხრივ მხარს უჭერდა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ხოლო მეორე მხრივ თავად უწყობდა ხელს ბირთვული პროგრამის განვითარებას. რუსეთი ირანს პერიოდულად სთავაზობს ჰაერსაწინააღმდეგო კომლექს S-300-ის მიწოდებას, რაც, როგორც წესი, საკითხის აქტუალიზაციას ახლავს ხოლმე თან. ამით რუსეთი ცდილობს, ერთი მხრივ, დასავლეთის და ისრაელის პროვოცირება მოახდინოს, ხოლო მეორე მხრივ ირანს სამხედრო კუთხით თავდაჯერებულობა შემატოს, რაც მოლაპარაკებებს გაართულებს. სწორედ ამგვარად იმოქმედა რუსეთმა მიმდინარე მოლაპარაკებების საპასუხოდ. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 20 იანვარს თეირანს ეწვია და კვლავინდებურად დაძრა ირანისთვის S-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების საკითხი. 2 აპრილს შეთანხმების გაფორმების შემდეგ ამგვარი შესაძლებლობა გაჟღერდა რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებშიც.
მოლაპარკებების სავარაუდო საბოლოო შედეგები
მთლიანობაში, აშშ-სთვის განსაკუთრებით პრობლემატური პარტნიორების წინააღმდეგობაა. ბირთვულ საკითხზე წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, უდიდეს გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული რეგიონში ძალთა იმგვარი ბალანსის შექმნა, როდესაც ირანი, მოკავშირე არაბული სახელმწიფოები და ისრაელი თანაბრად დაცულად იგრძნობენ თავს. რეგიონული არაბული სუნიტური სახელმწიფოები უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად ირანს აღიქვამენ, ხოლო ირანი – პირიქით. ირანი ობიექტურად წარმოადგენს ისრაელის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას. შესაბამისად, პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ არცერთი მხარის ინტერესები არ დაიზაინდეს, უკიდურესად რთული იქნება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობის მთავარ გარანტს წარმოადგენს, აღნიშნული დაბრკოლება სავარაუდოდ არ დარჩება გადაულახავი. აშშ-ის ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანის უდიდესი გამოცდილებაა გააჩნია. არანაკლებად მძიმე სასტარტო პირობებიდან, აშშ-ის ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა ისრაელ-ეგვიპტის და ისრაელ-იორდანიის ურთიერთობების იმგვარად დარეგუილირება, რომ არცერთი მხარის ეროვნული ინტერესები არ დაზარალდა. აშშ-ის მხრიდან წარმატების მიღწევის ალბათობას ზრდის ის გარმოებაც, რომ აშშ რეგიონული პარტნიორების უსაფრთხოების უალტერნატივო გარანტია. შესაბამისად, მათი მხრიდან აშშ-ის მიერ შეთავაზებული თამაშის წესების მიღების ალბათობა დიდია. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ თავად რეგიონულ სახელმწიფოებს საკუთარი ძალებით ირანის დაბალანსება და სასურველი რეალობის შექმნა არ შეუძლიათ.
რუსეთის მხრიდან ბერკეტების ნაკლებობის გამო, პროცესისთვის ხელისშეშლის ალბათობა ძალიან დაბალია. პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ თეირანი რუსეთის ანკესს წამოეგოს და დღევანდელ რეალობაში შეიარაღებაზე გაცვალოს ფართომასშტაბიანი შეთანხმება, რომელიც ირანის ეკონომიკისთვის და სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.
ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
წყარო: http://movineu.ge/?p=7702
მასალის გამოყენების პირობები






