მარსელის პროკურორის, ბრის რობინის განცხადებით, „ჯერმანვინგსის“ თვითმფრინავის კატასტროფაში ეჭვმიტანილ პილოტს, ავიაკატასტროფა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა. გარდა ამისა, მას მხოლოდ თვითმფრინავის განადგურება სურდა და არა მგზავრების დახოცვა.
„ფაქტობრივად, შემთხვევის გადაკვალიფიცირება მოხდა, თუმცა საბოლოო ჯამში ბუნებრივია ეს დანაშაულად რჩება, რომელიც წინასწარ განზრახული არ იყო“ - განაცხადა პროკურორმა.
კატასტროფის ადგილზე, მაშველებმა მგზავრების მობილური ტელეფონებიც აღმოაჩინეს, რომელთა გაშიფვრაც ჯერ არ მომხდარა. მაშველების განცხადებით, ტელეფონები ძალიან არის დაზიანებული და მათ აღდგენას დროს სჭირდება.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია „ლუფთანზას“ შვილობილი კომპანიის "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა 24 მარტს განიცადა. თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე 15 ქვეყნის მოქალაქე 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მაშველებმა ყველა გარდაცვლილის ცხედრის აღმოჩენა, დღეს დაასრულეს.
გამოძიება, დამხმარე პილოტის, ანდრეას ლუბიცის ბრალეულობაზე, შავი ყუთის გაშფვრის შემდეგ ალაპარაკდა.
აუდიოჩანაწერები აჩვენებს, რომ კაბინაში მყოფმა ლუბიცმა იქ შესასვლელი პაროლი შეცვალა და თვითმფირნავის დაშვების ბრძანების ღილაკს დააჭირა. ჩანაწერების მიხედვით, კაბინიდან გასულმა პილოტმა უკან დაბრუნება ვერ მოახერხა, რადგან კარები ჩაკეტილი იყო. პილოტი კარებზე ჯერ მშვიდად აკაკუნებს, შემდეგ უფრო და უფრო ძლიერად უტყამს, თუმცა შიგნიდან პასუხი არ ისმის. გარდა ამისა, ჩანაწერებზე პილოტის სუნთქვა და გაფრთხილების ხმა ისმის, რომელიც მიწასთან სიახლოვეს მიუთითებს.
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ანდრეას ლუბიცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ძლიერი დეპრესიით იტანჯებოდა და 6 წლის წინ ფსიქიატრთანაც მკურნალობდა.
ლუბიცის ყოფილი საცოლის განცხადებით კი, მას ისტორიაში შესვლა და ისეთი რამის გაკეთება სურდა, რომ ყველას დამახსოვრებოდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლუფთანზაში“ იცოდნენ, რომ „ეარბასA320-ის“ გამიზნულად ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი პილოტი, ანდრეას ლუბიცი რამდენიმე წლის წინ დეპრესიით იტანჯებოდა. ხოლო თავად ლუბიცი ექიმებს უმალავდა, რომ პილოტობას განაგრძობდა.
დამხმარე მფრინავის ქმედებების მოტივის დადგენას გამოძიება ამ დრომდე ცდილობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






