"თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებული გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები სამი მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას ითხოვენ.
როგორც დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ, გელა ნიკოლაიშვილმა და მალხაზ ჯანგირაშვილმა განაცხადეს, მოსამართლეებმა პაატა სილაგაძემ, მაია ოშხარელმა და გიორგი შავლიაშვილმა განაჩენის თარიღი გააყალბეს.
„ჩვენ სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში აგვისტოში გავასაჩივრე. ის თვეების მანძილზე საჩივარს არ იხილავდა. 25 მარტს კიდევ ერთხელ მივმართეთ სასამართლოს, რომ საქმე დიდი პალატის პირობებში განხილულიყო. განცხადებას თან დავურთეთ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების ხელმოწერები. ამის შემდეგ, მეორე დღეს მივიღეთ კონვერტი, სადაც ეწერა აღნიშნული მოსამართლეების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ თარიღი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არის გაყალბებული, იქიდან გამომდინარე, რომ ფოსტას 13 მარტიდან 26 მარტამდე დრო არ დასჭირდებოდა კონვერტის ჩვენამდე მოსატანად. გადაწყვეტილება დასახელებულმა მოსამართლეებმა მას შემდეგ გამოიტანეს, რაც ჩვენ მივმართეთ უზენაეს სასამართლოს და მოვითხოვეთ, რომ საქმე განეხილა დიდ პალატას", - განაცხადა ადვოკატმა ჯანგირაშვილმა.
ადვოკატებმა მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს უკვე მიმართეს.
მასალის გამოყენების პირობები






