ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელორუსია რუსეთის ნაწილი არასოდეს გახდება და ეს საკითხი რუსეთის ხელისუფლებას, განსახილველად არასოდეს დაუყენებია.
ამის შესახებ ლუკაშენკომ, მედიაჰოლდინგ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთში ბევრი პოლიტიკოსია, რომლებსაც იმპერიული ზრახვები აქვთ და ფიქრობენ, რომ ბელორუსია რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი უნდა გახდეს.
„პუტინს, ეს საკითხი ჩემთვის პირდაპირ არასოდეს დაუყენებია, რადგან იცის, როგორი უარყოფითი რეაქცია მექნება. ჩვენი სახელმწიფო სუვერენული, დამოუკიდებელია და ასევე დარჩება. ჩვენ არასოდეს გავხდებით რუსეთის ნაწილი“ - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით , პუტინს ბოლოს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ესაუბრა.
ლუკაშენკოს თქმით, პუტიმა მას განუცხადა. რომ რუსეთის პრეზიდენტს არცერთი ქვეყნის, მითუმეტეს ბელორუსიის დამორჩილება და დაპყრობა არ სურს.
„პუტინმა მითხრა, რომ „ბელორუსია ნორმალური, მეგობრული ქვეყანაა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება. კიდევ რა უნდა გვინდოდეს? თქვენ თქვენს ბინაში ცხოვრობთ, ჩვენ ჩვენსაში, მაგრამ ამავდროულად ვართ ახლობლები, რომლებიც ერთმანეთთან სტუმრად დავდივართ.“ სულ ეს იყო ჩვენი მსჯელობა, მგონი ეს ნორმალური საუბარია“ - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა.
ლუკაშენკოს თქმით, რუსეთ-ბელორუსიის ომი გამორიცხულია, რადგან რუსეთის ხელისუფლებას ამის არანაირი მიზეზი არ აქვს.
„თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ევროპელი იქნება, ამერიკელი თუ რუსი, ვინც ჩვენი მიწის წართმევას მოინდომებს - ნებისმიერს შევებრძოლებით“ - დასძინა მან.
მისივე თქმით, უკრაინის მოვლენების შემდეგ, რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






