მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის თქმით, თუ ე.წ. კაბელების საქმეზე ირაკლი ალასანიას დაკითხვის საჭიროება დადგება, პროკურატურა უკან არ დაიხევს.
ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„ჯერჯერობით საქმეში ირაკლი ალასანიას დაკითხვის საჭიროება არ ყოფილა, თუმცა თუ კი ამის საჭიროება დადგება, პროკურატურა უკან არ დაიხევს“, - განაცხადა შოთაძემ.
შოთაძის თქმით, ე.წ. კაბელების საქმე მტკიცებულებებით არის გაჯერებული და კონკრეტული პარტია ცდილობს, მას პოლიტიკური სარჩული მიაკეროს.
„სასამართლოში გამოჩნდება, ვის აქვს და ვის არა მტკიცებულებები. კონკრეტული პოლიტიკური პარტია ცდილობს ამ საქმისთვის პოლიტიკური სარჩულის მიკერებას, რაც კარგად ვერ დაგვირგვინდება. საქმეში არის კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტი. სახეზეა ჩვეულებრივი კორუფციული დანაშაული, როდესაც ხუთმა მოხელემ გაფლანგა 4 მილიონი ლარი“, - განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინიტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხ მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები






