„ლუფთანზაში“ იცოდნენ, რომ „ეარბასA320-ის“ გამიზნულად ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი პილოტი, ანდრეას ლუბიცი რამდენიმე წლის წინ დეპრესიით იტანჯებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლუბიცმა 2009 წელს მფრინავთა სკოლაში სწავლა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მძიმე დეპრესიის გამო შეწყვიტა და ამის შესახებ სკოლას ელექტრონული წერილით ამცნო.
კომპანიაში კვლავ ამტკიცებენ, რომ ლუბიცს ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმება ჰქონდა გავლილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეს არ წარმოადგენდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, მას სუიციდის მცდელობაც ჰქონდა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ შვილობილი კომპანიის "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა 24 მარტს განიცადა. თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე 15 ქვეყნის მოქალაქე 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მაშველებმა ყველა გარდაცვლილის ცხედრის აღმოჩენა, დღეს დაასრულეს.
გამოძიება, დამხმარე პილოტის, ანდრეას ლუბიცის ბრალეულობაზე, შავი ყუთის გაშფვრის შემდეგ ალაპარაკდა.
აუდიოჩანაწერები აჩვენებს, რომ კაბინაში მყოფმა ლუბიცმა იქ შესასვლელი პაროლი შეცვალა და თვითმფირნავის დაშვების ბრძანების ღილაკს დააჭირა. ჩანაწერების მიხედვით, კაბინიდან გასულმა პილოტმა უკან დაბრუნება ვერ მოახერხა, რადგან კარები ჩაკეტილი იყო. პილოტი კარებზე ჯერ მშვიდად აკაკუნებს, შემდეგ უფრო და უფრო ძლიერად უტყამს, თუმცა შიგნიდან პასუხი არ ისმის. გარდა ამისა, ჩანაწერებზე პილოტის სუნთქვა და გაფრთხილების ხმა ისმის, რომელიც მიწასთან სიახლოვეს მიუთითებს.
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ანდრეას ლუბიცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ძლიერი დეპრესიით იტანჯებოდა და 6 წლის წინ ფსიქიატრთანაც მკურნალობდა.
ლუბიცის ყოფილი საცოლის განცხადებით კი, მას ისტორიაში შესვლა და ისეთი რამის გაკეთება სურდა, რომ ყველას დამახსოვრებოდა.
დამხმარე მფრინავის ქმედებების მოტივის დადგენას გამოძიება ამ დრომდე ცდილობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






