აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი გრძელდება. ინტერნეტ გამოცემა The Washington Free Beacon-მა მისი ელექტრონული მიმოწერის ნაწილი გამოაქვეყნა.
2012 წელს, კლინტონისადმი, მისი თანაშემწის სიდნი ბლუმენტალის მიერ გაგზავნილ წერილში, ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს.
მიმოწერიდან ირკვევა, რომ ბლუმენტალი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ ლობირებდა. კორესპოდენციაში, ბლუმენტალი კლინტონს, საპარლამენტო არჩევნებამდე შექმნილ ვითარებაზე ანგარიშს აწვდიდა.
ერთერთ წერილში, ბლუმენტალი აცხადებს, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველო შესაძლოა ცხელი წერტილი გახდეს, თუკი სააკაშვილმა პოლიტიკური მანევრით რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა გადაწყვიტა.
მიმოწერაში ჩანს, რომ ბლუმენტალი ინფორმაციას საერთაშორისო ადვოკატის, ჯონ კორნბლიუმისგან იღებდა. პრესის ანგარიშები ადასტურებს, რომ კორნბლიუმი „ქართული ოცნების“ ლიდერის ოფიციალურ მრჩევლად ფიგურირებდა. სავარაუდოდ, ჯონ კორნბლიუმმა ბლუმენტალის მეშვეობით, კლინტონისთვის ივანიშვილის პირადი წერილის მიწოდებაც მოახერხა, რომელშიც ოლირგაქი მას მხარდაჭერას სთხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, კლინტონს თავად ბიძინა ივანიშვილმაც მისწერა.
" ჩვენს რეგიონში თქვენ გაცილებით ფართო ინტერესები გაქვთ, რაც რუსეთთან თანამშრომლობას ითხოვს . ჩვენი ამოცანა, ამ საკითხში თქვენი დახმარებაა, რაც რეგიონში ახალი სტილის დიპლომატიით მიიღწევა" - წერს ივანიშვილი.
თუ დამტკიცდა, რომ ბლუმენტალი ქართული ოცნების ლიდერს მართლაც ლობირებდა , ეს ფედერალური კანონის დარღვევა იქნება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






