საფრანგეთის ალპებში, “ეარბას A320"-ის კატასტროფის ადგილზე აღმოჩენილი 78 ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არის, ლაინერის განზრახ ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი დამხმარე პილოტი, ანდრეას ლუბიცი.
სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ექსპერტთა განცხადებით, დაახლოებით 3 კვირაში მსხვერპლთა 95%-ის იდენტიფიცირება დასრულებდა.
რთულად მისადგომი ადგილის გამო, მაშველებს სამძებრო სამუშაოების ჩატარება უჭირთ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ შვილობილი კომპანიის "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა 24 მარტს განიცადა. თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე 15 ქვეყნის მოქალაქე 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
გამოძიება, დამხმარე პილოტის, ანდრეას ლუბიცის ბრალეულობაზე, შავი ყუთის გაშფვრის შემდეგ ალაპარაკდა.
აუდიოჩანაწერები აჩვენებს, რომ კაბინაში მყოფმა ლუბიცმა იქ შესასვლელი პაროლი შეცვალა და თვითმფირნავის დაშვების ბრძანების ღილაკს დააჭირა. ჩანაწერების მიხედვით, კაბინიდან გასულმა პილოტმა უკან დაბრუნება ვერ მოახერხა, რადგან კარები ჩაკეტილი იყო. პილოტი კარებზე ჯერ მშვიდად აკაკუნებს, შემდეგ უფრო და უფრო ძლიერად უტყამს, თუმცა შიგნიდან პასუხი არ ისმის. გარდა ამისა, ჩანაწერებზე პილოტის სუნთქვა და გაფრთხილების ხმა ისმის, რომელიც მიწასთან სიახლოვეს მიუთითებს.
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ანდრეას ლუბიცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ძლიერი დეპრესიით იტანჯებოდა და 6 წლის წინ ფსიქიატრთანაც მკურნალობდა.
ლუბიცის ყოფილი საცოლის განცხადებით კი, მას ისტორიაში შესვლა და ისეთი რამის გაკეთება სურდა, რომ ყველას დამახსოვრებოდა.
დამხმარე მფრინავის ქმედებების მოტივის დადგენას გამოძიება ამ დრომდე ცდილობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






