„ეარბას A320-ის“ თვითმფრინავის გამიზნულად ჩამოგდებაში ეჭვმიტანილ პილოტს, ანდრეას ლუბიცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ნახევარი წლის განმავლობაში ფსიქიატრთან მკურნალობდა.
მისი ახლობლების განცხადებით, 28 წლის ლუბიცი, რამდენიმე წლის წინ მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა.
ამის შესახებ, გერმანული ტაბლოიდი „ბილდი“ ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ წყაროზე დაყრდნობით წერს.
თავად, „ჯერმანვინგსის“ ხელმძღვანელობა ლუბიცს მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებად ახასიათებს. მათივე თქმით, პილოტმა საზაფხულო კურსები წლინახევრის წინ გაიარა და ნორმალურ მფრინავად ითვლებოდა.
გამოძიება, ანდრეას ლუბიცის ბრალეულობაზე, შავი ყუთის გაშფვრის შემდეგ ალაპარაკდა.
აუდიოჩანაწერები აჩვენებს, რომ კაბინაში მყოფმა ლუბიცმა იქ შესასვლელი პაროლი შეცვალა და თვითმფირნავის დაშვების ბრძანების ღილაკს დააჭირა. ჩანაწერების მიხედვით, კაბინიდან გასულმა პილოტმა უკან დაბრუნება ვერ მოახერხა, რადგან კარები ჩაკეტილი იყო. პილოტი კარებზე ჯერ მშვიდად აკაკუნებს, შემდეგ უფრო და უფრო ძლიერად უტყამს, თუმცა შიგნიდან პასუხი არ ისმის. გარდა ამისა, ჩანაწერებზე პილოტის სუნთქვა და გაფრთხილების ხმა ისმის, რომელიც მიწასთან სიახლოვეს მიუთითებს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ შვილობილი კომპანიის "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა გუშინწინ განიცადა. თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე 15 ქვეყნის მოქალაქე 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






