რა სარგებლობა მოაქვს რკინიგზის გახსნას?
პოზიცია - 17:44, 04 Feb, 2013     2064

 


თუმცა, თეორიულადაც რომ შევხედოთ, არც ერთ და არც მეორე საკითხში რკინიგზის შესაძლო გახსნა ქართულ მხარეს არაფერს მოუტანს დამატებითი პრობლემების გარდა.


ეკონომიკურად, რა თქმა უნდა ეს გზა საქართველოსთვის მომგებიანია იმდენად, რამდენადაც ნებისმიერი გზა – თუნდაც მიყრუებულ სოფელში მიმავალი საფეხმავლო ბილიკი, შეიძლება გამოიყენო სარგებლიანად. არ არის გამონაკლისი არც ეს სარკინიგზო მარშრუტი, მაგრამ ამავე დროს მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის არის მეორეხარისხოვანი – ერთი შეხედვით ის უფრო აწყობს სომხეთს, რომელიც თითქმის ყველა ტვირთს იღებს საქართველოს ტერიტორიის გავლით და მათი დიდი ნაწილი – ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან შეიძლება გაატარო ამ რკინიგზით. ერთი შეხედვით, ეს უფრო იაფი გამოვა, ვიდრე ტვირთების ტრანსპორტირება შავი ზღვით ან ლარსის გამშვები პუნქტის გამოყენებით.


თუმცა არც ისე მარტივად არის საქმე – წარმოვიდგინოთ, რომ მოხდა საოცრება და ეს მარშრუტი მართლაც გაიხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრანზიტის გადასახადი გაორმაგდება, რადგან აფხაზეთი თავის თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ თვლის, და ბუნებრივია, მოითხოვს თავის წილს ტრანზიტიდან. თქვენ შეგიძლიათ მერე დიდხანს უმტკიცოთ აფხაზებს, რომ ,,არა, იცით, გაერო არ ცნობს თქვენს დამოუკიდებლობას, და თქვენს ტერიტორიაზე გამავალი ტვირთები დაიბეგრება საქართველოს ტერიტორიაზე, და შემოსავალს მიიღებს მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტი". ეს იქნება წყლის ნაყვა – აფხაზები თვლიან, რომ ეს რკინიგზა არის მათი საკუთრება და ამით მორჩა დისკუსია ამ თემაზე.

 

საკუთრივ საქართველოსთვის ამ პროექტს კიდევ უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან, რომც გაიხსნას რუსული ეკონომიკა ქართული საქონლისთვის, ამ ვაჭრობის მასშტაბები არ იქნება იმდენად დიდი, რომ მას ცალკე რკინიგზა დასჭირდეს.

 

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ეს არის სრულიად უპერსპექტივო იდეა. ჯერ ერთი, თვითონ ეს წარმოდგენა, რომ ,,აი ჩვენ ავაშენებთ კარგ დემოკრატიას, გვექნება ნორმალური სასამართლო, გირგვლიანის მკვლელებს დავსჯით და აღფრთოვანებული აფხაზები თვითონ დაბრუნდებიან ჩვენთან" – არის სისულელე, რომელსაც თვითონ აფხაზები ძალიან გულიანად დასცინიან. ეს ძალიან თავისებური ერია – რაც ვერაფრით ვერ გაუგია პაატა ზაქარეიშვილს. აფხაზები არიან მთიელები, ჩერქეზები, მათ აქვთ თავიანთი ქცევის კოდექსი. განსხვავებით ქართველების უმრავლესობისაგან, მათი ყიდვა ძალიან ძნელია. როცა ჩვენი თავადები ჩოხაზე აკრული პაგონებით და ბანტიანი გიტარებით იჯდნენ რუსულ სალონებში და მღეროდნენ რომანსებს, ეს ხალხი რუსეთთან ომობდა. თქვენ წარმოიდგინეთ – დღესაც კი, როდესაც მთლიანად რუსების ხელშია მათი ბედი – ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ. მაგალითად, ვერაფრით მიაღებინეს კანონი, რომელიც მისცემდა უცხოელ მოქალაქეებს – რუსებს, აფხაზეთში მიწების ყიდვის უფლება. პირადად პუტინმა მოსთხოვა ეს ჯერ ბაღაფშს, მერე ანქვაბს, მაგრამ ცოცხალი თავით არ მიდიან ამაზე. კიდევ თუ გახსოვთ ენგურჰესის სკანდალი? ხოდა აი, ის შეთანხმება რუსეთს და საქართველოს შორის, რომელზეც ამხელა აჟიოტაჟი იყო ამტყდარი თბილისში, ჩაშალეს აფხაზებმა – ,,ეს როგორ, ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ჰესია და თქვენ აქ უჩვენოდ არკვევთო მაგის ბედს?".

 

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში რუსები მაინც გააკეთებენ ყველაფერს, რასაც საჭიროდ ჩათვლიან, მაგრამ მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ მინდა ხაზი გაუსვა, განსხვავებით ქართველებისგან, აფხაზები არიან ძალიან ჯიუტი და პრინციპული ხალხი.

 

პაატა ზაქარეიშვილს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც უნდა – გაუხსნას რკინიგზა, აღიაროს პასპორტები, შეუშვას იქ უცხოური ინვესტიციები, მოკლედ ხალიჩასავით დაეფინოს, მაგრამ მერწმუნეთ, სანაცვლოდ არ მივიღებთ არაფერს, მადლობასაც კი. აფხაზები ამას მიიღებენ, როგორც იმის დასტურს, რომ საქართველომ აღიარა თავისი დანაშაული აფხაზი ერის წინაშე და მთელი ეს დათმობები არის მხოლოდ კომპენსაცია ამ დანაშაულისთვის.

 

კიდევ ბევრი რაღაც უაზრო ზღაპარი გვესმის ბატონი მინისტრისგან, რომ თითქოს აფხაზები თანხმდებოდნენ ფედერაციულ კავშირზე საქართველოსთან. კი ბატონო, იყო ასეთი შემოთავაზებაც, ოღონდ ერთი პირობით – აფხაზეთს უნდა ჰქონოდა ფედერაციიდან გასვლის უფლება. როგორ ფიქრობთ, რამდენ დღეში დაიშლებოდა ეს ფედერაცია? კვირას გასტანდა? არ ვიცი, კვირას ალბათ კი, მეტს – არა მგონია.

 

სამწუხარო ისაა, რომ ქართველები ბოლო 10 წელი ვართ გადასული აბსურდულ თავის მოტყუებაზე – ჯერ მიშა თავისი ,,გამარჯობა აფხაზეთო შენი, ლურჯო ცაო, თეთრო სანატორია''- თი, მერე მოვიდა ,,ოცნება", რომელმაც სულ აურია. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რაღაც თავის ფანტაზიებში ცხოვრობენ. აფხაზეთის საკითხის მთავარი პრობლემა არ არის მიშას ცანცარობა. ცუდი სასამართლო, ზონდერბრიგადები ან გირგვლიანის საქმე, როგორც ჰგონიათ ივანიშვილს და ზაქარეიშვილს.

 

მთავარი პრობლემა ისაა, რომ მე, როგორც სოხუმელს, კარგად მახსოვს ის დრო, როდესას ჯერ კიდევ სსსრ–კ იყო, არც ზვიად გამსახურდია იყო, არც მიშა სააკაშვილი და არც ბაჩო ახალაიას ზონდერბრიგადები. ზუსტად მახსოვს, რომ აფხაზები ძალიან განიცდიდნენ, რომ ისინი იყვნენ 17%, ჩვენ კი 45%. სულ ერთი და იგივე მესმოდა მათგან – "მოვა ჩვენი დროც, ყველას გაგყრით, ყველა დაბრუნდებით თქვენს სამშობლოში, საქართველოში". სიტუაციას ამძიმებდა ის, რომ 100% –ით ყველა აფხაზი – დაწყებული თოთო ბავშვით, დამთავრებული 100 წლის მოხუცით, სრულიად დარწმუნებულია, რომ ყველა ქართველი, ვინც ცხოვრობდა აფხაზეთში, იყო ჩამოსახლებული ჯერ მეფის რუსეთის დროს, მერე კი 40–ან წლებში – ბერიას მიერ.

 

ამიტომ, ის, რასაც საქართველოს ხელისუფლებები აკეთებენ ბოლო 9 წელი - გუშუნდელიც, და კიდევ უარესი, დღევანდელი - ეს არის სამარცხვინო უთავმოყვარეო ადამიანების საქციელი. მთელ ჩვენს ამ ინიციატივებს – რკინიგზის გახსნას, ურთიერთობის დათბობას, მთელ ამ უაზრო კივილ–წივილს ძმობაზე და მეგობრობაზე, მოჰყვება აფხაზების მხრიდან მხოლოდ ერთი რეაქცია – დაცინვა და კიდევ უფრო დიდი ზიზღი.


მადლობა ბატონ პაატას ამისთვის......

 


თენგიზ აბლოთია
ჟურნალისტი, ექსპერტი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42