უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, ქვეყნის ხელისუფლებისთვის გადაუდებელ საკითხს არ წარმოადგენს.
ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ბევრად მნიშვნელოვან გამოწვევებზე უნდა მოახდინოს ფოკუსირება, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
"უკრაინამ მთავარი აქცენტი იმ პრობლებზე უნდა გაამახვილოს, რასაც ქვეყნის შიგნით ვეჯახებით. რეალური გამოწვევა - თავად უკრაინის წარმატებაა“- განაცხადა მოგერინიმ.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის შეთანხმება შეიცავს მუხლს, რომელიც ორგანიზაციაში ევროპული სახელმწიფოების შესვლის პერსპექტივას გულისხმობს და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.
მოგერინიმ, ევროკომიის პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის განცხადებაც ახსენა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი მომხდევნო 5 წლის განმავლობაში გაფართოებას არ გეგმავს.
„არსებობენ ქვეყნები, რომლებიც 10 წელია რიგში დგანან“- აღნიშნა ევროკომისარმა.
შეგახსენებთ, 2014 წლის 16 სექტემბერს, უკრაინის უმაღლესმა რადამ და ევროპარლამენტმა, ერთდროულად მოახდინეს უკრაინის ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდგე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხელშეკრულება უკრაინას ავტომატურად აძლევს უფლებას ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






