მინისტრის თქმით, უპრეცედენტო შეწყალების მიუხედავად შსს-მ დაბალი კრიმინოგენური სიტუაცია შეინარჩუნა. მან სტრატეგიის მუშაობის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა ამერიკის საელჩოს და ელჩს გადაუხადა.
"გასულ კვირას, ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს, სამინისტროს სახელით ჩვენს მასპინძლებს გავაცანით ეს სტრატეგია. იყო ნაყოფიერი საუბრები, მათ მხარი დაუჭირეს ჩვენს სტრატეგიას და დასახული რეფორმებისა და მიზნების მიღწევის გზაზე დახმარება აღგვითქვეს. შსს არის გარანტი უსაფრთხოებისა და სიმშვიდისა და ჩვენ არ დავუშვებთ საზოგადოებრივი წესრიგის დაღვევას.
შსს-ს სისტემაში საქმიანობა აქამდე, ერთიანი სტრატეგიის გარეშე ხორციელდებოდა, რითაც რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და საბოლოო შედეგზე უარყოფითად აისახებოდა. ვაცნობიერებთ რა, სისტემაში სტრატეგიის არსებობის მნიშვნელობას, პირველი ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით გადაიდგა. ჩამოვაყალიბეთ რეფორმებისა და განვითარების სააგენტო, რომლის მთავარი ფუნქცია მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, წარმოდგენილი სტრატეგია არის იმის გათვითცნობიერება, თუ სად არის სისტემის ფარგლებში ნაკლოვანებები და რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
"წინამდებარე სტრატეგია წარმოადგენს პირველ ნაბიჯს, სრულყოფისკენ სწრაფის ხანგრძლივ და უწყვეტ პროცესში. ამ დოკუმენტრის ძირითადი დანიშნულებაა, შეიმუშაოს შსს-ს სისტემის რეფორმის ისეთი გეგმა, რომელიც განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება, მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, მათი უფლებების დემოკრატიული და სამართლებლივი სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი დაცვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






