ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრი, დევიდ ლიდინგტონი, რუსეთსა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ლიდინგტონის განცხადებით, ე.წ. ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთს შორის გაფორმდა, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ისევე როგორც 2014 წელს, რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება.
„ორივე ე.წ. ხელშეკრულება, მხოლოდ და მხოლოდ ართულებს რეგიონალური მშვიდობის დამყარების პროცესს და ჟენევის მოლაპარაკებებზე დამატებით დაბრკოლებებს ქმნის, სადაც რეგიონული უსაფრთხოებისა და სამხედრო ძალის გამოუყენებლობა, განხილვის ძირითადი თემაა“- განაცხადა ლიდინგტონმა.
მინისტრის თქმით, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნების შიდა საქმეებში ერევა და მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უგულებელჰყოფს.
ლიდინგტონის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, ურყევი პოზიცია გააჩნია და მოუწოდებს რუსეთს, 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს, სამხრეთ ოსეთიდან ჯარები გაიყვანოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობის საშუალება მისცეს.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის , ე.წ. თანამშორმლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც ეკონომიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთ თანამშრომლობას გულისხმობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






