მედიაში, რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ახალი დეტალები ვრცელდება.
საქმე, დანაშაულის შესრულებისთვის გადახდილ თანხასა და შესაძლო „დამხმარეს“ ეხება.
სააგენტო „როსბალტის“ ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ზაურ დადაევი იმ პირების „ბრძანების“ შესაბამისად მოქმედებდა, რომლებიც მის რელიგიურ შეხედულებებს იზიარებდნენ. სააგენტომ, გამოძიების მასალების გაცნობა შეძლო. მათზე დაყრდნობით, ბორის ნემცოვი, „შარლი ებდოს“ მხარდამჭერი გამონათქვამებისა და მუჰამედ წინასწარმეტყველის წინააღმდეგ გამოხატული პოზიციის გამო მოკლეს.
ერთი მხრივ, ეს დადაევის პირველ ჩვენებას ემთხვევა. დადაევის თქმით, ის ღრმადმორწმუნე მუსლიმია და ნემცოვის განცხადებებმა აღაშფოთა. ამავდროულად, მას უცნობი პიროვნება, ვინმე რუსლიკი დაუკავშირდა და ნემცოვის მკვლელობის შესრულებაში 5 მილიონი რუბლი შესთავაზა. დადაევის განმარტებით, მან ოპოზიციონერი არა ფულის, არამედ რელიგიური მრწამსის გამო მოკლა, თუმცა მისი და „დამკვეთის“ მიზნები ერთმანეთს დაემთხვა.
დადაევის თქმით, ოპერაციის ყველა მონაწილე „უფასო მუშაობაზეც“ თანახმა იყო.
გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ვინმე რუსლიკი, ბატალიონ „სევერში“, დადაევის კოლეგის რუსლან გერემეევის მძღოლად მსახურობდა.
აღსანიშნავია, რომ გერემეევი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების ნათესავია. ერთერთი ნათესავი, სულეიმან გერემეევი - რუსეთის ფედერაციის საბჭოში ჩეჩნეთის წარმომადგენელია, ხოლო ადამ დელიმხანოვი - კი რუსეთის სათათბირო საბჭოს წევრია.
ამასობაში, სოციოლოგიური ცენტრი „ლავადა-ცენტრი“ კვლევების შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ნემცოვის მკვლელობის გამოძიებას, რუსეთის მოსახლეობის 42 % ელოდება. შესაბამისად, მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტში, პოლიტიკოსის მკვლელობას განსაკუთრებული გრძნობები არ აღუძრავს - ნათქვამია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






