კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში 14 წლის თორნიკე გახელაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თორნიკე მეზობლებმა სოფლის მახლობლად მდებარე ტყეში ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. ტრაგედიამ, რომელსაც, სოფლის აზრით, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, ქვემო ჭალელები შოკში ჩააგდო.
„კვირის პალიტრასთან“ საუბრისას თანასოფლელები ახალგაზრდას შრომისმოყვარე ადამიანად ახასიათებენ და მისი გარდაცვალების საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ.
„რამდენიმე ადამიანმა ნახა სოფლის მაღაზიაში როგორ შევიდა და 4 პური იყიდა. თან უცხო ბიჭები ახლდა, რომელთაგან გამყიდველმა ვერც ერთი ვერ იცნო. მაღაზიასთან სკოლის დარაჯიც იყო, რომელიც ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს იცნობს, თუმცა ეს ბიჭები მანაც ვერ იცნო; თუმცა გარდა უცხო მოზარდებისა, საეჭვო არავის არაფერი შეუნიშნავს, ეს ბიჭები არ კამათობდნენ და არანაირად არ იქცევდნენ ყურადღებას. რამე საეჭვო რომ შეენიშნათ, სოფელი ისეთია, მაგათ უმეთვალყურეოდ არ გაუშვებდა. ჩვეულებრივად პური იყიდეს და წყნარად გამოვიდნენ მაღაზიიდან. გზაზე კიდევ ერთმა ჩვენმა თანასოფლელმა დაინახა, - ბიჭი ჩვეულებისამებრ მომესალმა, ვიღაც ორი ბიჭი წინ მიდოდა, თორნიკე კი უკან მიყვებოდაო.... ვითარება ისეთი ბუნდოვანია, ეჭვი ბუნებრივად ჩნდება... იმასაც ამბობენ, თორნიკეს ე.წ. კანაფის თოკი სახლიდან თავად ჰქონდა წაღებული, რომელიც ადრე ეზოში, ხეივანზე ჰქონიათ ჩამობმული, მერე კი აუხვევიათ და შეუნახავთ; ამასთანავე, ბიჭი იმგვარად იყო ჩამოკიდებული, რომ თოკის ყულფი კისერზე გამოსკვნილი კი არ ჰქონდა, იფიქრებდი, ვიღაცამ უკვე გარდაცვლილი ხეზე აიყვანა და გამზადებელ თოკზე ჩამოადებინაო ნიკაპიო.…იქვე ლუდის ბოთლები და სიგარეტის ნამწვებიც ეყარა. თუ ბავშვი მოკლეს, მკვლელი იქ სიგარეტის ნამწვს ხომ არ დატოვებდა, ბავშვმაც კი იცის, რომ მკვლელი სიგარეტის ნამწვითაც მოიძებნება“, - ამბობს გარდაცვლილის თანასოფლელი.
წყარო: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






