რუსულ მედიაში, ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობის დამადასტურებელ ფაქტებზე წერენ.
ერთერთი გამოცემის მიხედვით, 8 მარტის ღონისძიება პუტინმა 5 მარტს ჩაწერა.
სტატიაში ნათქვამია, პუტინი ჟურნალისტების წინაშე ბოლოს 5 მარტს, იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გამოჩნდა, შემდეგ დღეებში გავრცელებული ჩანაწერები კი წინასწარ იყო გადაღებული.
პუტინის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 8 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ქალთან დღესთან დაკავშირებით წარმატებულ ქალებს კრემლში უმასპინძლა და შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოებიც გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით, ეს ღონისძიება, პუტინის პირადმა ოპერატორმა 5 მარტს ჩაწერა.
კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 6 მარტს და მომდევნო დღეებში, პუტინი არასაჯარო შეხვედრებს მართავდა, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 10 მარტს კი იამალო-ნენეცკის მხარის გუბერნატორს შეხვდა. მედიისთვის ყველა შეხვედრა დახურული იყო.
სტატიის ავტორის თქმით, რეალურად არცერთი შეხვედრა არ ყოფილა, უფრო მეტიც, იამალო-ნენეცკის მხარის გუბერნატორი, კრემლში საერთოდ არ ყოფილა.
მორიგი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, კრემლის პრესსამსახურმა 11 მარტს გაავრცელა. განცხადების მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა კარელიის გუბერნატორ, ალექსანდრ ხუდილაიენს უმასპინძლა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ გაზეთმა „ვესტი კარელიი“, ამ შეხვედრის შესახებ ჯერ კიდევ 5 მარტს წერდა.
ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობაზე აჟიოტაჟი, გუშინ ჩაშლილმა შეხვედრებმა გამოიწვია.
რუსეთის პრეზიდენტმა, გუშინ ასტანაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, სადაც ყაზახეთისა და ბელორუსიის ლიდერებს უნდა შეხვედროდა.
ჩაიშალა, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაც, რომელიც გუშინ უნდა შემდგარიყო და მოსკოვში ხელმოწერის ცერემონიაზე ჩასულ ცხინვალის დელეგაციას, შეხვედრის ჩაშლის შესახებ რამდენიმე საათით ადრე აცნობეს.
პუტინის პრესსამსახურს, ჩაშლილი შეხვედრების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
მცირედი კომენტარით შემოიფარგლა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივი დიმიტრი პესკოვი. მისი თქმით, პუტინი „აბსოლუტურად ჯანმრთელია“ და თავისი ძლიერი ხელისჩამორთმევით შეუძლია ადამიანს „ხელი მოსტეხოს“.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






