24 წლის ინსპექტორ – გამომძიებელმა გიორგი იორამიშვილმა, 10 მარტს, ქალაქ თელავში, 30 წლის ანდრო ბოჭორიშვილი მოკლა, მისი ძმა ირაკლი ბოჭორიშვილი კი მძიმედ დაიჭრა. მკვლელობის დროს გიორგი იორამიშვილი მარტო არ ყოფილა. მას თან მეგობარიც ახლდა. გავრცელებული ინფორმაციით, იორამიშვილის თანმხლები პირიც პოლიციის თანამშრომელია, რასაც პროკურატურა არ ადასტურებს. ის დაკავებული არ არის. კახეთის საინფორმაციო ცენტრი მისი ზუსტი ვინაობის დადგენას ცდილობს.
„პოლიციელს ჰქონია ამ ბიჭების ვალი, დაახლოებით 100 ლარზეა საუბარი. ძმებს მანქანის ზეთების მაღაზია ჰქონდათ. ვალის გადახდა მოსთხოვეს და ამაზე ჩხუბი მოუვიდათ. ამოიღო იარაღი და ოროვეს ესროლა“, – ამბობს მკვლელობის თვითმხილველი მერაბ სამხარაძე.
„ჩემი თავალით დავინახე... ჩხუბი მოუვიდათ. ამოიღო იარაღი და ორივეს ესროლა“, – ამბობს გარდაცვლილის მამა როსტომ ბოჭორიშვილი.
„ქუჩაში ვიყავი, ნაცნობს ველაპარაკებოდი. სროლის ხმა გავიგე და ჩემი ნაცნობი წაიქცა. ფეხში ტყვია მოხვდა. უკან რომ მივიხედე, ანდრო გაუნძრევლად ეგდო. სამი გასოლა გავიგე. გავიქეცით. მერე გავიგე, ფული ჰქონია გადასახდელი, ესენი ზეთს ცვლიან და ვალი ჰქონია ამ პოლიციელს. გადაიხადეო უთქვამთ და ამაზე მოსვლიათ ჩხუბი“, – აღნიშნავს მკვლელობის თვითმხილველი ლევან გიგიაშვილი.
სროლის შედეგად ქუჩაში მყოფი თამაზ შინგაზრდილაშვილიც დაიჭრა. ჭრილობა მას ფეხის არეში აქვს მიყენებული.
მკვლელობის შემდეგ პოლიციელმა გიორგი იორამიშვილმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. მის დასაკავებლად პოლიციამ მთელი კახეთის მასშტაბით რეიდები მოაწყო. სამართალდამცავები აჩერებდნენ და ამოწმებდნენ ყველა მანქანას.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ, გიორგი იორამიშვილი საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ედება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით.
ვრცლად იხილეთ ბმულზე: "კახეთის საინფორმაციო ცენტრი"
მასალის გამოყენების პირობები






