საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი რუსეთის ხელისუფლებისგან ბორის ნემცოვის მკვლელობის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.
ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა ბრიუსელში გამართულ ევროპარლამენტის სესიაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბორის ნემცოვი ძლიერი ადვოკატი, დემოკრატიისთვის მებრძოლი ადამიანი იყო, რომლის მკლელობაც დემოკრატიული სამყაროსთვის დიდი დარტყმაა და რუსეთის ხელისუფლება ვალდებულია მისი მკვლელობის საქმე გამოიძიოს.
მოგერინიმ, რუსეთის ხელისუფლებას მედიის, ოპოზიციის, განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების დევნის შეწყვეტისკენ და დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებისგენ მოუწოდა.
მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები უფრო ღია და დემოკრატიულ ქვეყანას იმსახურებენ.
ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე წარმომადგენელს, ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს და ისინი მოსკოვში არ შეუშვეს.
ევროკომისარმა, რუსეთის ხელისუფლებას ნემცოვის მკვლელობასთან ერთად, გარდაცვლილი რუსი ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების, მათ შორის ანა პოლიტკოვსკაიასა და ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობების გამოძიებისკენ მოუწოდა.
მოგერანიმ, უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადეჟდა სავჩენკოს პატიმრობაზეც ისაუბრა და რუსეთს მისი გათავისუფლებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






