სახელისუფლო შტოებს შორის არსებული დაძაბულობა, შესაძლო ვადამდელი არჩევნები და საქართველოს საგარეო გამოწვევები - ,,ნიუპოსტი“ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
_როგორ შეაფასებთ მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლას და რაზე მიუთითებს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება?
_მმართველი პარტია პრეზიდენტის მარგინალიზაციას და მის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „მიწებებას“ ცდილობს, ეს დემარშიც უმრავლესობის მხრიდან ამის გამოხატულებაა. ერთის მხრივ ეს პრეზიდენტის და „ნაციონალების“ გარკვეული კავშირების წარმოჩენის მცდელობაა, მეორეს მხრივ კი ამ ნაბიჯით ისინი აჩვენებენ, რომ არ აქვთ სურვილი პრეზიდენტის დაინტერესება გაფართოვდეს, ქვეყნის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ის საკითხია, რომელიც ყველაზე ახდენს გავლენას და ყველას ჯიბეში ჩაჩხრიალდება, ამიტომ ყველა პოლიტიკური ძალისგან მაქსიმალურ დაინტერესებას და პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს, რათა ეს არ გახდეს მანიპულაციის საგანი და სიტუაციის უფრო გართულება არ გამოიწვიოს. შესაბამისად უმრავლესობის მოტივაცია შესაძლოა იყოს ისიც, რომ მათ არ სურთ ეს საჯარო განხილვის საგანი გახდეს და გარკვეული ქაოსის ნიშნები გაჩნდეს საზოგადოებაში, თუმცა ამ შემთხვევაში ხელისუფლება თავად უნდა გამოსულიყო და მოეწოდებინა პოლიტიკური ძალებისთვის ერთობლივად შეემუშავებინათ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა.
_ბოლო პერიოდში ერთგავრად იკვეთება სახელისუფლო შტოებს შორის დაპირისპირება, ამასთან საუბარი მიდის ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზეც. რამდენად არის, ხელსაყრელი, ერთის მხრივ, მმართველი ძალისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მეორეს მხრივ, რამდენად არის მზად ოპოზიცია მოახიდნოს ძალების მობილიზება?
_ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობა უკვე დიდი ხანია დაძაბულია, მაგრამ აქამდე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საჭიროება არ დამდგარა. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულოს ეს არის შიში, რომ მათ შესაძლოა 2016 წლისთვის ნაკლები რეიტინგი ქონდეთ ვიდრე ახლა აქვთ. ერთი არგუმენტი იმის, თუ რატომ არ შეიძლება სურდეს ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არის ის, რომ ხელისუფლებას არ აქვს ამჟამად იმდენი ადამიანური და პოლიტიკური რესურსი, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს. პარტია არ არსებობს. თვითმმართველობის არჩევნების დროს პარტიული სტრუქტურების ფუნქციებს რეგიონებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურები ითავსებდნენ, იგივე სუს-ი. ამჟამად კი ამ სტრუქტურებშიც იმდაგვარი რეორგანიზაცია მიდის, რომ არც ისინი არიან მზად არჩევნებისთვის. მეორე არგუმენტი არის ის, რომ ჯერჯერობით მმართველი პარტია და ბიძინა ივანიშვილი ისევ უკონკურენტოა. რომ გადავხედოთ პოლიტიკურ არეალს პროდასავლურ ფლანგზე არიან ,,ნაციონალური მოძრაობა“ და ,,თავისუფალი დემოკრატები“. ,,ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის რადიკალურ და ექსტრემისტულ ძალად აღიქმება და ისინი 2012 წლის არჩევნებზე სწორედ იმიტომ მივიდნენ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებიდან გაესტუმრებინა. ასევე ამ ფლანგზეა ირაკლი ალასანია, რომელიც სამწუხაროდ ვერ კრეფს რეიტინგს საზოგადოებაში. რაც შეეხება არადასავლურ ფლანგს, ისინიც რადიკალიზმით გამოირჩევიან და მიუღებელნი არიან პროდასავლელი ელექტორატისთვის. ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ ფლანგს შორის ქართული ოცნება უალტერნატივოა. რადგან ამომრჩეველთა უმრავლესობას რადიკალიზმი აშინებს. ამომრჩევლები ან დარჩებიან სახლში ან ხმას „ოცნებას“ მისცემენ, რომელიც რადიკალური და ექსტრემისტული მოწოდებებით არ გამოირჩევა.
არსებობს საპარლამენტო არჩევენების დანიშვნის კიდევ ერთი ფაქტორიც, ეს არის ლარის კურსი, თუ ლარის კურსმა კატასტროფული ვარდნა დაიწყო, ის ხელისუფლებას გადაიყოლებს.
_საგარეო ფაქტორებსაც რომ შევეხოთ, თქვენ ახსენეთ არადასავლური ფლანგი, უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ეს არის პრორუსული და აღნიშნეთ, რომ მათი რადიკალიზმი აშინებს ამომრჩეველს. იმ ფონზე, როცა რუსეთი კვალავ აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, თუკი დღის წესრიში დადგება ვადამდელი არჩევნების საკითხი, ხომ არ ფიქრობთ, მნიშვნელოვანია სწორედ პროდასავლური ძალების მობილიზება?
_რუსეთი იმდენს ვერ უშავებს საქართველოს მოსახლეობას, რაც ბოლოდროინდელი განცხადებებით ამას აკეთებენ ევროპელი ლიდერები, ისინი საქართველოს მოსახლეობაში აბსოლუტურ ნიჰილიზმს აღვივებენ. მხედველობაში მაქვს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება ნატოსთან გაფართოებასთან და ევროკომისარის განცხადება უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. მსგავსი განცხადებები აღვივებს ნიჰილიზმს და დასავლეთი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი გაურკვეველი ბურუსით იფარება. ყველაზე ცუდი კი ნიჰილისტურად განწყობილი, იმედგაცრუებული ამომრჩეველია, მან არ იცის ვის დაუჭიროს მხარი, ვისთვის და რისთვის წავიდეს არჩევნებზე. ეს კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. დღეს საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა ქართულ რეალობაში, თუ პროცესები გარედან არ დაჩქარდა და სავალუტო კრიზისი ძალიან არ გამწვავდა, ხელისუფლებას საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ უდგას.
ევროპელი ლიდერების მსგავსი განცხადებები დასავლური კურსის მოწინააღმდეგე ძალების გაძლიერებას უწყობს ხელს და შესაბამისად, მათი ამომრჩევლების რაოდენობაც მოიმატებს, დრო მათზე მუშაობს. დასავლეთის ლიდერები იმდენად უხერხემლოები არიან, იმდენად გადაყვნენ საკუთარი კომფორტით ტკბობას და მათი პოზიციები იმდენად განსხვავდება, თავისი არცთუ ისე შორეული წინაპრების, იგივე ტეტჩერის, კოლის თუ რეიგანის პოზიციებისგან, რომ ეს ყველაფერი დასავლური კურსის მოწინააღმდეგე ძალების გაძლიერებას უწყობს ხელს.
სიტუაციის ამგვარად გაგრძელების შემთხვევაში შემდეგ არჩევნებზე იმედგაცრუებული პროდასავლელი ამომრჩეველი ორ ნაწილად გაიყოფა, ნაწილი გადაინაცვლებს ანტიდასავლური ძალებისკენ, მეორე ნიჰილიზმში ჩავარდება და დარჩება სახლში. ორივე კატეგორიის ამომრჩეველი კი სწორედ დასავლური კურსის მოწინააღმდეგე ძალების წისქვილზე დაასხამს წყალს. ამიტომ წესით არჩევნების ჩატარება ხელისუფლებას არ უნდა ეჩქარებოდეს.
მთელი მსოფლიო ელოდება აშშ-ს 2016 წლის არჩევნებს, თუმცა სიტუაცია იმგვარია, და იმდენად უკან დაიხია დასავლეთმა, რომ მეორე რეიგანიც რომ მოვიდეს, გაძნელდება შესაბამის პოზიციებზე დაბრუნება.
შესაბამისად ქართულ პოლიტიკაში დრო და დასავლეთის ლიდერების უმოქმედობა ანტიდასავლური ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, დასავლეთი აუცილებლად მიიღებს საზღაურს ამისათვის, რუსეთი არაა ის ქვეყანა, რომელიც სუსტ მეტოქეს კომფორტში ცხოვრების საშუალებას მისცემს, ევროპა კი ისეთი სუსტია, როგორც არასდროს ბოლო 30 წლის მანძილზე. რუსეთი სერიოზული საფრთხეა კომფორტში ჩაძირული და გონებადაბინდული ევროპისთვის, ასევე სამწუხაროდ გაცილებით დიდი საფრთხე საქართველოსთვის.
მასალის გამოყენების პირობები






