პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გჟეგოჟ სხეტინი, საერთო ევროპული არმიის შექნის იდეაზე საუბრობს აღნიშნავს, რომ ეს ძალიან სარისკოა.
„ეს სარისკო იდეაა, რადგან არმიის შექმნის შემთხვევაში საკითხავია, საიდან მოვა არმიისთვის საჭირო სახსრები, ვინ გადაიხდის, როგორ უნდა შეასრულოს ჯარებმა თავისი ფუნქცია“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, ევროკავშირის საერთო არმიის შექმნის იდეა კარგად ჟღერს, განსახორციელებლად კი რთულია, თუმცა ეს საკითხი შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში იქნას განხილული.
შეგახსენებთ, საერთო ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით, ევროკომისიის თავმჯდომარე, ჟან კლოდ იუნკერი გამოვიდა. მისი თქმით, მსგავსი არმია საერთო საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და უსაფრთხოების დაცვას შეუწყობს ხელს.
იუნკერის განცხადებით, ასეთი არმია შეძლებს, ევროკავშირისა და მისი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებს შესაბამისად უპასუხოს.
„ამგვარად რუსეთს გავაგებინებთ, რომ ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ევროკავშირის ღირებულებების დაცვას“ - განაცხადა იუნკერმა.
აღნიშნული ინიციატივა ბუნდესტაგის დეპუტატების მხარდაჭერით სარგებლობს. მეტიც, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნორბერტ რეტგენმა განაცხადა, რომ ასეთი არმიის შექმნის დრო სწორედ ახლა არის.
საერთო ევროპულ არმიის შექმნის იდეას, ფინეთის პრეზიდენტი საულ ნიინისტოც მიესალმება.
მისი თქმით, ევროკავშირის უმთავრეს ღირებულებას, მშვიდობა წრმოადგენს და ევროკავშირის ფასეულობების დასაცავად, ეს სერიოზული ნაბიჯი იქნება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ერთიანი ევროპული არმიის შექმნაზე, დაწვრილებით ივნისში დაგეგმილ სამიტზე იმსჯელებენ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






