ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, სუპერსახელმწიფოების დრო წავიდა, ხოლო გამოწვევებთან მარტო გამკლავება შეუძლებელია
ამის შესახებ ევროკომისარმა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მოგერინიმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული საფრთხეები, ასეთი რთული არასოდეს ყოფილა და ისინი ყოვლისმომცველ, მყისიერ პასუხს მოითხოვს.
„დრო, როდესაც სუპერსახელმწიფოები ფიქრობდნენ, მათ მსოფლიოს გახლეჩა და გავლენის ზონებად დაყოფა შეეძლოთ, დიდი ხანია წავიდა. ეს ყველას უნდა გვესმოდეს. საერთაშიროსი პოლიტიკურ არენაზე, გლობალური და რეგიონული მოთამაშეების რაოდენობა გაიზარდა“ - განაცხადა ევროკომისარმა.
მოგერინი დარწმუნებულია, რომ გამოწვევებთან ბრძოლა ცალკეულ სახელმწიფოებს გაუჭირდებათ, ამიტომ მათ ისე უნდა ითნამშრომლონ, როგორც არასდროს.
ფედერიკა მოგერინიმ, ყველაზე სახიფათო კრიზისებზე ისაუბრა. თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებად აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი, ებოლას წინააღმდეგ ბრძოლა, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი, ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარება და ირანის ბირთვული პროგრამა დაასახელა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






