მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის თანამებრძოლის, ილია იაშინის განცხადებით, ნემცოვის მკვლელობაში ისლამური კვალის არსებობის არ სჯერა და აცხადებს, რომ ეს კრემლის პოლიტიკის შედეგია.
„ეს ვერსია რუსეთის ხელისუფლებას აწყობს, რადგან იმის მიჩქმავლას მოახერხებენ, რომ ნემცოვის მკვლელობა კრემლის დაკვეთა იყო“ - განაცხადა იაშინმა.
მისივე თქმით, ნემცოვი რელიგიების მიმართ აბსოლუტურად ტოლერანტულად განწყობილი ადამიანი იყო. „თანაც, „შარლი ებდოს“ თავდასხმაზე კომენტირებისას, ნემცოვმა ბოევიკები გააკრიტიკა და არა ისლამი“ - აღნიშნა იაშინმა.
შეგახსენებთ, ბორის ნემცოვის მკვლელობაში პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენება მისცა და მოსკოვის სასამართლომ 28 აპრილამდე პატიმრობაში დატოვა. დადაევის თქმით, მან ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






