ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ზაურ დადაევს რუსეთის ნამდვილ პატრიოტს უწოდებს.
ამის შესახებ კადიროვი, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, შინაგან ჯარში მსახურობისას, დადაევი ერთერთი ყველაზე უშიშარი და მამაცი ჯარისკაცი იყო.
„ზაურ დადაევი რუსეთის ნამდვილი პატრიოტი და შესანიშნავი ადამიანია. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაურ დადაევმა სასამართლოზე ნემცოვის მკვლელობაში თანამონაწილეობა აღიარა. ყველა, ვინც ზაურს იცნობს დაგიდასტურებთ, რომ ის ღრმად მორწმუნე ადამიანია და ისევე, როგორც ყველა მუსლიმი, „შარლი ებდოს“ კარიკატურებით აღშფოთებული იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს, გამოდის რომ სერიოზული დანაშაული ჩაიდინა“ - წერს კადიროვი.
ამავდროულად, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა დასძია, რომ ეჭვმიტანილს „რუსეთის საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმა არ შეეძლო .“
შეგახსენებთ, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა აღიარებითი ჩვენება მისცა და მოსკოვის სასამართლომ 28 აპრილამდე პატიმრობაში დატოვა. დადაევთან ერთად ეჭვმიტანილის სტატუსს ინარჩუნებს კიდევ სამი დაკავებული.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






