საქალაქო სასამართლოში ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულის, ივანე ბეგიაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. ცნობილია, რომ პროკურატურა ბეგიაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
თუმცა დაცვის მხარე მოითხოვს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ იქნას გამოყენებული.
როგორც ბეგიაშვილის ადვოკატი ლოტბერდი კუპატაძე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა, რომ გედენიძე ფოტოკორესპონდენტი იყო.
„ბეგიაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. კერძოდ, ცემის ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა ჟურნალისტისთვის საქმიანობის დროს ხელის შეშლის ბრალდებას ის არ აღიარებს“, - ამბობს კურტანიძე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი გედენიძეს 4 მარტს რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფიზიკურად გაუსწორდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული გამო ივანე ბეგიაშვილი დააკავა. გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები






