ცნობილმა ქილერმა ალექსეი შერსტობიტოვმა (ლიოშა-სალდატი), რომელიც სასჯელს 12 შეკვეთილი მკვლელობისათვის იხდის, ბორის ნემცოვის მკვლელობის შეფასება გააკეთა. მან შეაფასა რამდენად პროფესიონალურად მოქმედებდნენ მკვლელები, რატომ გამოიყენეს სხვადასხვა წარმოების ტყვიები და რატომ არ მოკლეს ერთადერთი მოწმე - ნემცოვის თანმხლები ანა დურიცკაია.
ლიოშა სოლდატმა, პირველ ყოვლისა, ეჭვქვეშ დააყენა გამოძიების ვერსია მკვლელობის იარაღის შესახებ:
„საიდან იცით, რომ ისროდნენ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან? იგივე კალიბრის ტყვიები სხვა იარაღშიც გამოიყენება - მაგალითად „სტეჩკინის“ სისტემის ავტომატ-პისტოლეტში?“ - აცხადებს პროფესიონალი ქილერი.
მისი აზრით, მკვლელის მცდელობა სხვადასხვა წარმოების ტყვიების გამოყენებით გამოძიების არასწორი გზით წაეყვანა ფუჭია - ყველა იარაღი გილზაზე და ტყვიაზეც ტოვებს ინდივიდუალურ კვალს.
იგი ასევე აცხადებს, რომ პროფესიონალ მკვლელს ყოველთვის იარაღის ფართო არჩევანი აქვს და როგორც ჩანს, ნემცოვის მკვლელს ეს არჩევანი არ ჰქონდა.
რაც შეეხევა ანა დურიცკაიას ცოცხლად დატოვებას, პროფესიონალი ქილერის აზრით, ამის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს.
„შეიძლება ტყვია ლულაში გაიჭედა, ან მკვლელი დაიბნა და გადაწყვიტა, რომ მკვლელობის ადგილიდან დროზე გაქცეულიყო, რადგან მთავარი საქმე გაკეთებული იყო, ან შესაძლოა მეტი ტყვიები არ ჰქონდა. როგორც წესი, გამოცდილი მკვლელი და მსროლელი, რომლისთვისაც ეს საქმე პროფესიას წარმოადგენს, ამდენ გასროლას არ გააკეთებს,“ - მიაჩნია ლიოშა-სოლდატს.
„ასევე შეიძლება განვიხილოთ ე.წ. „კავკასიური ვარიანტი“. მკვლელი შეიძლება კავკასიელი იყოს - მკვლელობა ძალიან გაუთვლელი და თავხედურია. ეს ბიჭები ყოველთვის პირველ მოსახერხებელ შანსს იყენებენ - გაიხსენეთ, როგორ იშორებდნენ არასასურველ ადამიანებს ჩეჩნეთში - იქ ყველასთვის გასაგები იყო ვინ რა და რატომ გააკეთა,“ - აღნიშნა ქილერმა.
მან გააკრიტიკა ასევე მკვლელობის ადგილად მოსკოვის ცენტრის არჩევაც - „ეს ყველაზე არასაიმედო ადგილია. აქ შეიძლება ყველაფერმა შეგიშალოს ხელი. ხოლო თუ თქვენ გინდათ, რომ ეს მკვლელობა ე.წ. „საჩვენებელი დასჯის“ ხასიათს ატარებდეს, მაშინ უკეთესი იქნებოდა ნემცოვი ან რესტორანში, ან მის შესასვლელთან მოეკლათ.“
ამასთან პროფესიონალ მკვლელს მიაჩნია, რომ ნემცოვის მოკვლა ძალიან ადვილი იყო - ის შეგნებულად იქცეოდა თავისუფლად - არ იმალებოდა, არ ჰყავდა დაცვა. იგი არ თვლის, რომ ეს მკვლელობა რუსეთში არეულობის მოწყობის მიზნით იყოს მოწყობილი - ქვეყანაში ისედაც არამდგრადი სიტუაციაა, საკმარისია დემონსტრაციის დაშლა, ან რიმე მსგავსი მოვლენა, რომელმაც, შესაძლოა, მეტი ხმაური გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები






