ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, ის ფიქრობს. რომ რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობა გარკვეულწილად უკრაინის მოვლენებთან არის დაკავშირებული.
მისი თქმით, ბოლო წლებში ბევრი ოპოზიციონერი უკრაინის კონფლიქტში მოსკოვის მონაწილეობის წინააღმდეგი იყო.
„როგორც ჩანს, პრეზიდენტ პუტინის მიზანი უკრაინის დასუსტება და რუსული მაიდნის თავიდან აცილებაა. ბორის ნემცოვის სასტიკმა მკვლელობამ დაგვანახა, რომ კონფლიქტის მსხვერპლი მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით სასხლეტს თითი ვინ გამოჰკრა, ვიცით, რომ ბორის ნემცოვი დემოკრატიის დამცველი იყო და უკრაინაში რუსეთის ჩარევას ეწინააღმდეგებოდა. ის იყო ერთრთი მათგანი, ვისაც რუსეთის პროპაგანდა „მოღალატედ“ და „შავ ლაქად“ მოიხსენიებდა“- განაცხადა ვერშბოუმ.
მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლებას კიდევ უფრო გაუჭირდება იმის დამალვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დიდი რაოდენობით რუსი ჯარისკაცები დაიღუპნენ.
შეგახსენებთ, რუსეთის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს უკრაინის კონფლიქტში სეპარატისტების მხარეს რუსი ჯარისკაცების ბრძოლას და აცხადებს, რომ ისინი არა სამხედრო პირები, არამედ მოხალისეები არიან.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






