კარიერული დიპლომატის ხრიკი: აფხაზეთის რკინიგზა - ეკონომიკურად უსარგებლო და პოლიტიკურად საშიში გზა
პოზიცია - 20:19, 05 Mar, 2015     4026
კარასინის, როგორც კარიერული დიპლომატის ხრიკი - რატომ არ მოითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ოფიციალური უწყებიდან განმარტება კარასინის განცხადებაზე, სადაც რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის ფარლებში საუბარი შეეხებოდა აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხსაც.

შეცდომით წარმოთქმული ფრაზა თუ დაგეგმილი განცხადება, რატომ გააქტიურად რუსეთის მხრიდან აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი და რამდენად არის საქართველოს მოსახლეობა ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უსარგებლოა ის ეკონომიკურად და რა ხიფათის მომტანია საქართველოსთვის პოლიტიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და გლობალურ-პოლიტიკურ საკითხებს გამოჰყოფს და აღნიშნავს, რომ ეს იყო კარასინის მხრიდან შეგნებულდ გაკეთებული განცხადება.

_აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის, რაც კარასინმა აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე თქვა, ეს არ არის შეცდომა. კარასინი არის კარიერული დიპლომატი და კარიერული დიპლომატები ასეთი შეცდომებს არ უშვებენ. მან თქვა, რომ ეს საკითხი იხილება. აბაშიძის შეხვედრის წინ და მერეც, კარასინმა დაადასტურა, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე საუბარი იყო და მომავალშიც იქნება. ამის შემდეგ, ჩვენმა მთავრობამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, რომ ეს ტაბუდადებული თემაა და რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა, ამ სიტყვებს უკვე ძალიან დაბალი წონა აქვს.

_თქვენ ფიქრობთ, რომ ეს იყო რუსეთის ოფიციალური უწყების წარმომადგენლის მხრიდან, შეგნებულად გაჟღერებული საკითხი?

_კიდევ ვიმეორებ, რომ კარასინი არის კარიერული დიპლომატი, რაც მოხდა, პოლიტიკურ სლენგზე ამას ეძახიან დაგეგმილად ინფორმაციის გაჟონვას, შეგნებულად. ძირითადად ასე ხდება ხოლმე, ან თავის ჟურნალისტს აძლევენ ინფორმაციას ან ვითომ საუბარში ისე, გაიპარა სიტყვა. თვითონ ეს თემა არის უსერიოზულესი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენიც არ უნდა ვუხსნათ ეს ჩვენს მთავრობას, ფაქტია, რომ ვერ გაიგებს. მგონი საქართველოში დარწმუდა ყველა, რომ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში აქვს თავისი გეგმა, რომელსაც ასრულებს და ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს მავნებლური გეგმა შეაჩეროს, არის ხალხის, საზოგადოების აზრი. ხალხს უნდა ავუხსნათ მარტივი ენით, რას ნიშნავს აფხაზეთის რკინიგზის გახსნა. კი, ყველა ამბობს, რომ ცუდია, მაგრამ არავინ ხსნის რატომ არის ცუდი.

არის სამი საკითხი - ეკონომიკური, პოლიტიკური და გლობალურ-პოლიტიკური.

დავიწყოთ ეკონომიკური სარგბელიანობის კუთხით - აფხაზეთის რკინიგზის გახსნა საქართველოს ეკონომიკისთვის არაფრის მომტანია. ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი არის თურქეთი, უკრაინა და ევროკავშირი. არცერთი ამ გზით, რუსეთის ტერიტორიით არ ისარგებლებს. თურქეთს გეოგრაფიულად ხელს არ უწყობს, აქვეა ჩვენს მეზობლად. უკრაინას ომი აქვს რუსეთთან და თავის ტვირთს არ გაუშვებს რუსეთის ტერიტორიით და იგივე სიტუაცია აქვს ევროკავშირს, რომელსაც ურჩევნია ზღვით გაუშვას და მიიღოს თავისი პროდუქცია. ანუ სამი ჩვენი მთავარი პარტნიორისთვის ეს რკინიგზა არაფრის მომტანია. გარდა ამისა, ჩვენთვის არ არის მისი გახსნა ეკონომიკურად მომგებიანი კიდევ იმ დეტალის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ძირითადი ტვირთბრუნვა შემოდის ზღვით, საზღვაო ტრანსპორტით გატანაც და შემოტანაც არის ყველაზე იაფი და ამიტომ, არც ამ კუთხით არის ჩვენთვის აფხაზეთის რკინიგზის გახსნა მომგებიანი.

რა მინუსი აქვს მის გახსნას ეკონომიკური თვალსაზრისით: სომხეთის ტვირთი შემოდის ან ბათუმის ან ფოთის მეშვეობით და ორივე ამ პორტს ტვირთები დააკლდება, სავარაუდოდ დააკლდება ასევე აზერბაიჯანის ტვირთები, რომელიც შეიძლება ასევე გაუშვა რკინიგზაზე, საუბარია რუსეთ-აზერბაიჯანის ტვირთბრუნვაზე. ანუ პლიუსი ვნახეთ, რომ არის ნული და მინუსი არის ის, რომ ჩვენ პორტებს აკლდება ტვირთბრუნვა.

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს - დავუშვათ, რომ გაიხსნა აფხაზეთის რკინიგზა, ჩნდება კითხვა - ესმის ამ ხალხს, როგორც კი ჩვენ ვაღიარებთ იმ საბაჟოს, რომელიც იქნება აფხაზეთში და არავის არ შეეპაროს ეჭვი, რომ აფხაზები დააყენებენ ამას, ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ საქართველოს მესაზღვრეები დადგებიან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე...

_ანუ საუბარია იმაზე, ვინ გააკონტროლებს ფსოუზე საზღვარს?

_სანამ ტვირთი გაივლის ოკუპირებულ აფხაზეთზე, დეფაქტო აფხაზეთი აუცილებლად გვეტყვის პრეტენზიას, რომ ტვირთი ჩემმა მებაჟემ უნდა შეამოწმოსო. ანუ ფსოუს საზღვარზე ტვირთი შემოვა თუ გავა საქართველოდან, მასზე უეჭველი იქნება აფხაზების ბეჭედი. ამ ეტაპზე, უკეთეს შემთხვევაში იქ დადგება შვეიცარული კერძო კომპანია, რომელიც განახორციელებს ტვირთებზე მონიტორინგს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქეთ აფხაზი არ იქნება, ამას ჩვენ ვერ ვარეგულირებთ, იქნება შვეიცარული მხარე და იდგებ აფხაზი. როგორც კი აფხაზი ტვირთზე ბეჭედს დაგირტყამს, პოლიტიკურად ეს ნიშნავს, რომ შენ აღიარებ მას.

_რაც შეეხება მესამე ფაქტორს, თქვენ აღნიშნეთ, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ხომ არ მოდის ეს წინააღმდეგობაში რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან?

_გეოპოლიტიკურ რისკებს რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით, რუსეთი, მაპატიეთ და შარვლიდან ხტება იმისათვის, რომ გაჭრას გზა გიუმრის ბაზაზე, ამისთვის დებს მილიარდებს ავარო-კახეთის გზის მშენებლობაზე, იმისათვის, რომ ალაზნის ველზე გავიდნენ, მაგრამ ამავდროულად სჭირდება გიუმრის ბაზის კვება. გიუმრის ბაზა ეხლა მარაგდება საჰაერო გზით. აზერბაიჯანი ბუნებრივია, არ ატარებს ტვირთებს, საქართველოს გავლით მანქანით ტანკებს ვერ შემოიყვან, ვერც სარაკეტო დანადგარებს და ამიტომ ყველაფერი ხდება საჰაერო გზის მეშვეობით, მაგრამ ამხელა სამხედრო დანიშნულების დანადგარებს ვერც საჰარეო გზით შეიყვან, რადგან ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. იმდენად დიდი სატვირთო თვითმფრინავი უნდა გამოიყენო, რომლის მიღების საშუალება სომხეთს აქვს ლიმიტირებული, ამიტომ გიუმრის ბაზის გაძლიერებისთვის მათ სჭირდებათ რკინიგზა, რომლითაც ყველაფერს შემოიტან. ის, თუ რატომ სჭირდება რუსეთს გიუმრი, ესეც უნდა გვესმოდე - 2012 წელს რუსთმა ჩაატარა სამშენებლო გამაგრებითი სამუშაოები უღელტეხილზე, რომელიც აერთიანებს სომხეთს და ირანს, ჩატარებული იყო ბეტონის გამაგრებითი სამუშაოები, იქით-აქეთ ათრევდნენ სარაკეტო კომპლექსებს, იმის შესამოწმებლად, შესაძლებელი იყო თუ არა მათი გადაადგილება. ახლა ამ წუთისთვის, რუსეთის გიუმრის ბაზა არ არის საკმარისი, რომ ძალისმიერი მეთოდებით თავისი დიქტატის დამყარება დაიწყოს, შედარებით პატარა ბაზაა ამისათვის. რკინიგზა სწორედ ამ ბაზის გაძლიერების საშუალებას იძლევა, რადგან ფსოუდან გიუმრიმდე სარკინიგზო გზა არ აღემატება 24 საათს. როგორც კი რუსეთს 24 საათში ექნება გიუმრიზე სამხედრო ტექნიკის გადასროლის საშუალება, ეს ბაზა ხდება ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ, მითუმეტს, რომ აქვს ირანთან პირდაპირი სახმელეთო გზა, რომელიც გამაგრებულია მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისთვის.

_ფაქტია, რომ იგივე მიზეზით შენდება ავარო-კახეთის გზაც.

_იმ გზასაც, რომელსაც კახეთში აშენებს, მასაც დრო სჭირდება, 2 წელი მაინც უნდათ. ამ გზასაც აშენებენ იმიტომ, რომ ღმერთმა ჩვენ გვაჩუქა ნატახტარი-თბილისის მონაკვეთი, რომელშიც რუსული ჯარი ვერ გადის. 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის გენერალურმა შტაბმა, მთავარი დასკვნა, რაც ომიდან გამოიტანეს იყო ძალიან იდენტური ჩვენი დასკვინისა, კერძოდ ის, რომ ნატახტარი-თბილისის გზის ეს მონაკვეთი არის ყველაზე საშიში და რისკის შემცველი საქართველოს ოკუპაციის შემთხვევაში. როდესაც ჩვენ ეს რისკები დავინახეთ, წინა ხელისუფლებამ დაიწყო თბილისის თავდაცვითი ზღუდის მშენებლობა, რომელიც ამ ხელისუფლებამ გააჩერა, თუმცა ამ ინფრასტრუქტურის 60% აშენებულია, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ საარტილერიო დანადგარები მაინც შეიძლება განთავსდეს. რუსეთის ჯარი ამ პერიმეტრში, სადაც არაგვი და მტკვარი ერთანეთს უერთდება, ვერ შემოდის. არტილერია ანადგურებს ყველაფერს. ანუ ჯარს ვერ გაიყვანს, მისი მოძრაობის სიჩქარე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გახვიდე. ამიტომ შენდება ავარო-კახეთის გზაც, რომ გიუმრის ბაზასთან ჰქონდეთ დამაკავშირებელი და ამასთან ერთად ითხოვენ რკინიგზის გახსნას.

_გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, იგივე ექსპერტებიც საუბრობენ აზერბაიჯანის ფაქტორზე, რომელიც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა...

_როგორც კი ეს რკინიგზა გაიხსნება, დაირღვევა ამიერკავკასიაში ძალთა ბალანსი. ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გაზი გვაქვს, რომელიც ომის დროს ფულით დაგვეხმარა, დენით, იქნება უაღრესად განაწყენებული. აზერბაიჯანი, რომელიც არის საომარ მდგომარეობაში სომხეთთან, მოხდება ის, რომ რუსეთს ექნება გაჭრილი დერეფანი სომხეთისთვის იარაღის მიწოდების და რაც მთვარია, საკუთარი გიუმრის ბაზის მომარაგებისთვის. მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ აზერბაიჯანის რესურსები ბევრად აღემატება სომხეთის რესურსს და გიურმის ბაზა თამაშობს უმნიშვენლოვანეს როლს სომხეთის სასარგებლოდ, რადგან ის მათივე ტერიტორიაზეა. როგორც კი გაიხნსება გზა ამ ბაზის გაძლიერებისთვის, 100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენ აზერბაიჯანს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს ვკარგავთ. აზერბაიჯანი ამას ჩათვლის, როგორც ზურგში დანის ჩარტყმას.

რომ შევაჯამოთ, აფხაზეთის რკინიგზის გახსნის შედეგად რას მივიღებთ - ვხედავთ, რომ ეკონომიკურად მოდის მხოლოდ მინუსები, ფულს კარგავს ფოთი და ბათუმი. ეკონომიკურად ვერ ვიგებთ ვერაფერს, უკრაინა, თურქეთი, ევროკავშირი ამ გზას არ გამოიყენებენ, პოლიტიკურად არის საშიშროება, რომ ვაღიარებთ აფხაზეთს და მათ საბაჟოს ბეჭედს და გეოპოლიტიკურად კატარსტროფას მივიღებთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი, რომლის უკანაც დგას თურქეთი, გადამივტერებთ ორივე ქვეყანას. ისიც გაითვალისწინეთ, რომ აზერბაიჯანს მილიარდები აქვს ჩადებული ყარსის გზის მშენებლობაზე, რომელიც აზრს კარგავს და რუსეთს სწორედ ეს უნდა.

_თუმცა რუსეთი ამ შემთხვევაში უფრო პოლიტიკურ სარგებელს ხედავს...

_რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ეს არის პოლიტიკური ინტერესის საგანი. მე აღარაფერს ვამბობ იმაზე, ირანში სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, როგორ შეხედავს ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა, ეს კიდევ სხვა თემაა და უფრო ფართო მასშტატების გეოპოლიტიკურ პრობლემაში გადავდივართ. დღეს ამერიკა ალაგებს ურთიერთობებს ირანთან, რადგან ირანი დარჩა პირისპირ ამერიკასთან და მიუხედავად თავისი პოზიციებისა, ირანი ნელ-ნელა თმობს. როგორც კი რუსეთი შემოვა და გახდება სამკუთხედი ამერიკა, რუსეთი, ირანი უკვე პრობლემა გექმნება. გეოპოლიტიკურად, ვისაც აქვს გავლენა, ქმნის ამინდს რეგიონში და ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შეიძლება რეგიონში დააბალანსოს საუდის არაბეთი, არის ირანი. საუდის არაბეთი არის ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე. ირანი ახლა ცდილობს ამერიკასთან ურთერთობების დალაგებას, რუსეთს თუ უნდა რომ რეგიონში დარჩეს, სირია იმდენად განადგურებულია და არაფრის მომტანი პარტნიორი ხდება, მას სჭირდება დასაყრდენი და ერთადერთი დასაყრდენი შეიძლება იყოს ირანი. მანამ სანამ ირანზე ბერკეტი არ ექნება, ეს გაუჭირდება და გიურმის ბაზა არის სწორედ ბერკეტი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ორ საათში რუსეთს შეუძლია გადაისროლოს ასი ათასიანი სამხედრო კორპუსი ირანის ტერირიტორიაზე გიუმრის ბაზიდან, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მას ექნება გახსნილი რკინიგზა ან საქართველო ექნება ოკუპირებული.

_კარასინის მხრიდან გაკეთებულ ამ განცხადებას, უნდა მოჰყოლოდა თუ არა ხელისუფელბის მხრიდან ერთგვარი საპროტესტო განცხადება და უნდა მოგვეთხოვა თუ არა განმარტება რუსეთის ოფიციალური უწყების მიმართ?

_მე არ ვარ კარიერული დიპლომატი, მაგრამ ვიყავი მთავრობის წევრი და როგორც მინიმუმ საქართველოს მთავრობას უნდა მოეთხოვა ოფიციალური განმარტება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მისი წარმომადგენლის სიტყვებზე, რაც არ მომხდარა. ჩვენმა საგარეო საქმეთა უწყებამ მხოლოდ ის თქვა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა. ორი კაცი საუბრობს იქ და ამ ორიდან ერთი გამოდის და ამბობს, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე საუბარი იყო. უკვე პრობლემა გვაქვს ხო, ფაქტია...

ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ძალიან მკაფიო - მანამ, სანამ აფხაზეთი არის ოკუპირებული, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. ეს გამორიცხულია.

_ამ მოცემულობაში, რა შემთხვევაში შეიძლება რუსეთთან აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე საუბარი?

_ჩვენ ჩამოვთვალეთ სამი მინუსი, ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ეს სამივე მინუსი, არის საქართველოს ტერიტორიული მთიანობის აღდგენა. ამაზე თუ წამოვა რუსეთი, აქ ღირს საუბარი. სანამ ეს არ მოხდება, ამაზე საუბარი დაუშებელია. ამ სამ ასპექტს მოსახლეობას რატომღაც არ ვუხსნით, მხოლოდ არის საუბარი იმაზე, რომ არ უნდა გაიხსნას, მაგრამ მნიშვენლოვანია ხალხს ესმოდეს - რატომ არ უნდა გაიხსნას.

_ძალიან ხშირად საუაბრია იმაზე, რომ რუსეთი იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს გავლენის მოსაპოვებლად, ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთი არა ეკონომიკურს, არამედ სწორედ პოლიტიკურ ბერკეტებს იყენებს და ამასთან შედარებით მისი ეკონომიკური ბერკეტი ძალიან უმნიშვნელოდ გამოიყურება?

_ამაზე ძალიან ბევრი ექსპერტი საუბრობდა ამაზე, რომ რუსეთი მარტო ეკონომიკური ბეკეტით ეცდება ზეგავლენის მოხდენას და ა.შ. არა - საქართველო და უკრაინა ამის მაგალითია და პუტინმა გააკეთა არჩევანი ჯარზე. ის, ომით, თავისი შეიარაღებით ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს სხვა სახელმწიფოებზე. რუსეთს ეკონომიკური ბერკეტები უკვე აღარც აქვს. მისი ეკონომიკური ,,ბოგინი“ გაზით იგივე ევროპასთან მორჩა, რამდენიმე წელი დარჩა და ევროპაც ამ ზეწოლიდან გამოვა.

_არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რომც უნდოდეს, თავისთავად გაუჭირდება გადადგას ნაბიჯი და დასთანხმდეს აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნას, იმ ფონზე, როცა საზოგადოების გარკვეული ნაწილის და მათ შორის ოპოზციური პარტიების დამოიდებულება ამ საკითხის მიმართ ცალსახად უარყოფითია.

_ერთადერთი რამაც შეიძლება, რომ ხელისუფელბა გააჩეროს ეს არის ხალხი, თუ ინფორმაციული ვაკუუმი გაგრძელდება და არ იქნება საუბარი იმაზე, თუ რისი მომტანია ეს რეალურად, ხალხი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. მაინც არჩევანის წინაშე დააყენებენ. გამოიყვანენ თავისი ჯიბის ექსპერტებს და ალაპარაკებენ თუ როგორ მომგებიანია ეს ეკონომიკურად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ჰქონდეს ჩამოყალიბებული სტერეოტიპი და ესმოდეს რომ ეკონომიკურად ეს არამცთუ მომგებიანი არ არის, პირიქით წამგებიანია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის სახიფათო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, ეს მიგვიყვანს აფხაზეთის აღიარებამდე და ამასთან, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42