მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, ამჟამად რუსი ოპოზიციონერი და უფლებადამცველი, გარი კასპაროვი მიიჩნევს, რომ უკრაინაში პუტინის აგრესიის შესაჩერებლად, სანქციები საკმარისი არ არის.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.
ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ პუტინი აგრესიას არ შეწყვეტს. მისი თქმით, უკრაინა უნდა იყოს დაცული და თავდაცვითი იარაღით უზრუნველყოფილი. კასპაროვის აზრით, მიუხედავად იმის რომ სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი, მხოლოდ მისი გამოყენება არაეფექტურია.
„შესაძლოა გგონიათ, რომ თუკი უკრაინას თავდაცვითი იარაღით მოამარაგებთ, ეს ომში ჩაგითრევთ და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, თითქოს აშშ და მთელი მსოფლიო ფრონტის ერთ მხარეს იქნებიან. მაგრამ ეს ასე არ არის. ერთადერთი რაც ჩვენ გვჭირდება, პუტინის შეეჩერებაა და ჩვენ ის აუცილებლად უნდა შევაჩეროთ“- განაცხადა კასპაროვმა.
გარდა ამისა, ოპოზიციონერი დასავლეთს მოუწოდებს, შეწყვიტონ პუტინის სასტიკი რეჟიმის ლეგიტიმიზაცია რუსი ხალხის ხარჯზე და ისეთი მიდგომა, თითქოს მასთან მოლაპარაკებები შესაძლებელია.
მისივე თქმით, ოფიციალური სოციოლოგიური გამოკითხვები, პუტინის პოპულარობასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან რეალურად, მას ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ გააჩნია.
„თუკი შენ ნამდვილად პოპულარული ხარ, მაშინ თავისუფალი მედიისა და თავისუფალი არჩევნების არსებობას დაუშვებ და შენს კრიტიკოსებს ქუჩაში არ დაცხრილავ“ - აღნიშნა კასპაროვმა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






