"ღმერთმა ინებოს, რომ ღვთის ძალით გავრცელდეს მართლმადიდებლობა მთელ მსოფლიოში. მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. საქართველო აირჩია ღმერთმა, საქართველო არის წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლის და ამ ქვეყანაში განამტკიცა მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობის ზეიმი არის ჭეშმარიტების ზეიმი. ეს არის ზეიმი, რომელიც დადგინდა ხატის თაყვანისცემის აღიარების შემდეგ. ჯერ კიდევ VII-VIII საუკუნეში იყო დიდი ბრძოლა ხატის წინააღმდეგ. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ ხატი არის კერპი და ამიტომ წინააღმდეგი იყო ხატების, თუმცა მერე დადგინდა თაყვანისცემა. მრავალი ხატია სასწაულმოქმედი. ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოში მრავალ ხატს სდის მირონი. ეს ყველაფერი ხდება ჩვენი სარწმუნოების განმტკიცებისთვის", - განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ 25 წლის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ დღეს ცნო მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო წოდება.
,,დიდი შრომა, დიდი სულიერი ბრძოლა დაგვჭირდა ჩვენ, ჩვენს მეცნიერებს, რომ აღიარებული ყოფილიყო საქართველოს ავტოკეფალია და პატრიარქის წოდება. 25 წლის წინ ჩვენი დიდი დელეგაცია ჩავიდა მსოფლიო პატრიარქთან, ერთობლივად შევასრულეთ წირვა და ჩვენ გადმოგვცეს ორი სიგელი, სადაც აღიარებს მსოფლიო პატრიარქი საქართველოს ავტოკეფალიას და პატრიარქის წოდებას. ეს იყო ყოვლადუწმინდესი, მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსი და დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვლოცულობთ მისი სულისთვის, ღმერთმა აცხონოს და ნათელში ამყოფოს მისი სული", - ბრძანა უწმინდესმა.
დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. ეს არის ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემის დღე. ეს დღე დიდმარხვის პირველივე კვირაში აღნიშნება. ხატმბრძოლობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა, მან ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა. მართლმადიდებლობის ზეიმი, 842 წელს ადგილობრივ კრებაზე ხატთა თაყვანისცემის აღდგენის შემდეგ გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები