ბათუმში, მესხეთის ქუჩაზე დედამ რვა თვის ბავშვი ნაქირავებ ბინაში მიატოვა. ბავშვი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბათუმში, მესხეთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დედისგან მიტოვებული ჩვილი იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადნენ. როგორც გაირკვა, 8 თვის ჩვილი დედამ ნაქირავებ ბინაში მიატოვა, თავად კი 26 თებერვალს საქართველოდან თურქეთში გაემგზავრა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები გამოიძახეს. შესაბამისი პროცედურების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 8 თვის გოგონა ამ დროისთვის მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






