პოლიციელი მამია ჯანანაშვილი, რომელიც 20 იანვარს იური ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებულ გია სოსანაშვილთან ერთად კასპის სასადილოში იმყოფებოდა სამსახურიდან გაათავისუფლეს.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში სოსანაშვილის ადოკატმა სოსო ჯოგლიძემ განაცხადა, მას ეს ინფორმაცია გადმოცემით დაუდასტურეს.
„ჯანანშვილი გაუშვეს სამსახურიდან. ჩვენ ესეთი ინფორმაცია გვაქვს. მე ეს გადმოცემით ვიცი. მან დაიწყო ცრუ ინფორმაციების გავრცელება სოსანაშვილზე, ეგონა თავს გადაირჩენდა და არ გაუშვებდნენ სამსახურიდან, მაგრამ მაინც გაუშვეს“, - განაცხადა ჯოგლიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოსო ჯოგლიძემ განაცხადა, რომ მას ჯანანაშვილთან შეკითხვები ჰქონდა.
„მაგასთან ჯერ არ მინდა ჩასვლა, მაგრამ მოგვიანებით ჩავალ სხვა შეკითხვებით... მაგის ჩვენებებიც არ მომწონს, ცოტა სხვანაირია. არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს. თუ ვინმეს სამსახურის დაკარგვა არ უნდა და თავს უფრთხილდება, ეს პრობლემა არ არის, თუმცა სამსახურის დაკარგვა არაფერია იმასთან, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მოელის. 20 იანვარს სოსანაშვილი ნამდვილად იყო მასთან“, - ამბობდა ადვოკატი.
გია სოსანაშვილის თქმით, 20 იანვარს, ყარაფილას აფეთქების დღეს სწორედ მამია ჯანანაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






