ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკასა და საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ლინკევიჩუსის თქმით, მას აკვირვებს, რუსეთის ცინიზმის მასშტაბი, მაშინ როცა, რუსეთი სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებში მონაწილეობს და მხარეებს შვიდობისკენ მოუწოდებს, ამავდროულად უკრაინაში აგრესიას განაგრძობს.
„რასაც რუსები ამბობენ, ერთ შეხედვით სწორია. თუნდაც, მათი განცხადება სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ, პროპაგანდისტული საინფორმაციო ომის მავნებლობის შესახებ. თითქოს ყველა განცხადება სწორია, თუმცა, რუსეთი თავისი მოქმედებით ყველაფერს თავდაყირა აყენებს. დროა, გამოვფხიზლდეთ და მოვლენებს საღად შევხედოთ“- განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლინკევიჩიუსმა, ლიტვის მიმართ არსებული აგრესიის საფრთხეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ ფიქრობს რუსეთის მხრიდან პირდაპირი აგრესია განხორციელდეს, თუმცა ეროვნულ ნიადაგზე ან სხვა მიზეზით კონფლიქტის პროვოცირებასაც არ გამორიცხავს.
მისივე თქმით, აუცილებელია ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.
„ნიუ-იორკიდან ახლახან დავბრუნდი, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას ვესწრებოდი. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ზუსტად 30 სხდომა გაიმართა. ისმის კითხვა: რას მივაღწიეთ? რა შედეგი მოგვიტანა ამდენმა სხდომამ და ხელის ჩამორთმევამ? ვიმსჯელეთ და შეშფოთება გამოვთქვით. მაშინ, როცა ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ, აგრესია გრძელდება. ჩვენი შეშფოთება კი უკვე გულისამრევია“- აღნიშნა ლინკევიჩუსმა.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ყველაზე ხშირად აწუხებს კითხვა - თუ საით მიდის და რის მიღწევას ცდილობს პუტინი.
„ეკონომიკური თვალსაზრისით, პუტინის გზა არის გზა არსაით. ეკონომიკა ინგრევა, ვალუტა უფასურდება, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივაც კი არ ჩანს“ - დასძინა მან.
ლინკევიჩიუსმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც რუსებმა უკრაინელებს გაუკეთეს, სლავურ ურთიერთობებზე საუბარიც კი ზედმეტია და დასძენს, რომ 21-ე საუკუნეში, „ევროპული საზღვრების გადახაზვა, ეს ტოტალური სიბეცეა.“
„რუსეთი ევროპის გახლეჩასა და ევროკავშირის დასუსტებას ცდილობს. მასზე ზეწოლის გაძლიერებითა და ერთიანი მოქმედებით კი გავძლიერდებით. თუმცა, რუსეთთან მხოლოდ უკრაინის პრობლემა არ გვაქვს. არის სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი და არის 2008 წლის საქართველოს მაგალითი. აფხაზეთის ვითარება ძალიან ჰგავს ყირიმს. განსხვავება ის არის, რომ იქ ამჯერად „მწვანე ადამიანები“ არ შეუყვანიათ. ამ ტერიტორიის დე-ფაქტო ანექსია, თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების გზით მოხდა. სამწუხაროდ, სხვა გაყინული კონფლიქტებიც არის, რომელთა გააქტიურების შემთხვევაში, რუსეთს სერიოზული ბერკეტები ექნება“ - განაცხადა ლინკევიჩიუსმა.
ლიტვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვითარება სულ უფრო მეტად შედის ჩიხში. დრო კი, მათ სასარგებლოდ არ მოქმედებს.
„რაც მეტი დრო გადის, უფრო მეტად მარცხდება უკრაინა და ვმარცხდებით ჩვენც“ - დასძინა ლინკევიჩიუსმა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






