"სიკვდილისთვის მიშიკომ ვერ გაიმეტა. ფაქტზე წაასწრო ბიძაშვილის ცოლთან და მხოლოდ სცემა. ის კი მეორე დღეს სანადირო თოფით მოუვარდა, მუხანათურად, მიპარვით, ზურგიდან ბიძასა და ძმისშვილს ქუჩაში მსხდომებს ესროლა," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში მოკლული მიხეილ და მერაბ კოჩაძეების ახლობელი.
ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში 35 წლის თემურ ქველიძემ, იმავე სოფლის მცხოვრებლები, ბიძა-ძმისშვილი მიშა და მერაბ კოჩაძეები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მათი სახლის წინ მოკლა. თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, ადგილობრივების ინფორმაციით, მოგვიანებით პოლიციას თავად ჩაბარდა.
გარდაცვლილი მიშა კოჩაძის დედის განცხადებით, დანაშაულში ბრალდებული მის შვილთან ერთად გაიზარდა. ისინი ახლო მეგობრები იყვნენ. დედის თქმით, ამიტომაც მკვლელობამდე ჩხუბისას გარდაცვლილმა ბიძა-ძმისშვილმა ბრალდებული სცემეს და მოსაკლავად არ გაიმეტეს.
"მთელი ცხოვრება რომ მეფიქრა, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ჩემს ხელში გაიზარდა. მიშიკოსთან ერთი თეფშიდან საჭმელს ჭამდა. უერთმანეთოდ ვერ სძლებდნენ. ამ ბოლო დროს კი თემური ავარიაში მოყვა, ძალიან მძიმედ იყო, საწოლიდან წამოდგომა არ შეეძლო. მიშიკო თავთან ეჯდა და გვერდიდან არ შორდებოდა.
"როგორ გაიმეტა ასე სასტიკად?... ქუჩაში მიპარვით ზურგში ესროლა. ეს ერთი შვილი მყავდა და მომიკლა. სიცოცხლეს ჩემთვის რაღა აზრი აქვს? ნეტავი მეც იქ ვყოფილიყავი და მოვეკალი.
"მიშიკო ძალიან განიცდიდა მომხდარ ამბავს. იძახდა, ეს როგორ გამიბედა, ჩემს ოჯახს რა აკადრაო. ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ძმებივით ვიყავითო," - აცხადებს გარდაცვლილის დედა მარინა კოჩაძე.
გარდაცვლილის ახლობლები ამ დაპირისპირების მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ. მათი ინფორმაციით, მოკლულებსა და მკვლელობაში ეჭვმიტანილს შორის ურთიერთობა 14 თებერვალს დაიძაბა.
გარდაცვლილმა მიხეილ კოშაძემ მეგობარი თავისი ბიძაშვილის ცოლთან ერთად რაიონში ერთ-ერთ რესტორანში დაინახა. მან ეს ბიძაშვილს უთხრა. რის შემდეგაც ქმარმა ცოლის ტელეფონში ბრალდებულის მიერ მიწერილი სასიყვარულო მესიჯები აღმოაჩინა.
"ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მიშიკომ დაინახა, რესტორანში როგორ ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს (ეჭვმიტანილი და მოკლულის რძალი - რედ.). გაგიჟებული იყო. იძახდა, ჩემი თვალით რომ არ დამენახა, ვერ დავიჯერებდიო. მერე ქმარმაც ტელეფონში მესიჯები უპოვა. გოგო ხან რას იმიზეზებდა და ხან რას, სახლიდან რომ გასულიყო და ბრალდებულს შეხვედროდა. მეზობლებმაც ერთად ბევრჯერ დაინახეს.
"თუკი თემური მართალი იყო, რატომ არ მივიდა ბავშვობის მეგობართან და არ დაუმტკიცა? ძმაკაცის ცოლთან თვითონ როგორ იკადრა?!" - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას გარდაცვლილების ახლობელი, რომელიც "რეზონანსს" ანონიმურობის გარანტიის სანაცვლოდ ესაუბრა.
მკვლელობბა სოფელ აფენში 21 თებერვალს მოხდა. ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
წყარო: "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






