ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი და გაეროს გენერალური მდივანი, პან გი მუნი უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას, ევროკომისრის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ევროკომისარმა და პან გი მუნმა აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენები და მინსკის ხელშეკრულების შესრულების გზები განიხილეს.
კერძოდ, მხარეებმა მინსკის ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე კოორდინაციისა და ეუთო-ს სპეციალური მისიის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
„მინსკის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს. ეს ჩვენი საერთო პრიორიტეტია. ევროკავშირი უკვე ახორციელებს ეუთო-ს მისიისთვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ და ფინანსურ მხარდაჭერას, იმისათვის რომ მისიამ მშვიდობის დამყარებაში თავისი როლი შეასრულოს“ - განაცხადა ევროკომისარმა.
ევროკომისარმა, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






