უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბის ხელმძღვანელის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით, დეფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის უწყების წარმომადგენელის, ედუარდ ბასურინის განცხადება, კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
ლისენკოს თქმით, „ბოევიკები“ არა სამხედრო ტექნიკის გაყვანას, არამედ მის გადაჯგუფებას ახორციელებენ.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შესრულებულა. „ბოევიკები“ სამხედრო ტექნიკის გადაჯგუფებას ახორციელებენ და აცხადებენ, რომ ტექნიკის გაყვანა დაიწყეს. უკრაინულმა მხარემ მარშრუტები მოამზადა, რომლის მიხედვითაც ტექნიკის გაყვანა უნდა განხორციელდეს. თუკი ორი დღის განმავლობაში ცეცხლი შეწყდება, ეს ჩვენთვის სიგნალი იქნება. ამ დროისთვის, კი სეპარატისტების მხრიდან თავდასხმები გრძელდება“- განაცხადა ლისენკომ.
შეგახსენებთ, დეფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა, ედუარდ ბასურინიმ განაცხადა, რომ „ურთიერთშეხების ხაზიდან“ მძიმე საბრძოლო ტექნიკის გაყვანა დაიწყეს.
უკრაინის მთავრობის განცხადებით, სანამ ცეცხლი არ შეწყდება, სამხედრო ტექნიკის გაყვანზე საუბარი უადგილოა.
მინსკის მოლაპარაკებებზე, „ნორმანდიული ოთხეულის“ მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15 თებერვლალს ამოქმედდა, ხოლო კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესი 19 თებერვალს უნდა დაწყებულიყო.
მინსკის შეთანხმების მიუხედავად, დონბასში საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






