პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, „რია ნოვოსტისთან“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის შეშფოთება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, გადაჭარბებულია.
„დღის წერიგში, უახლოეს პერსპექტივაში ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ დგას. ეს ცნობილია ყველასთვის. ჩენთვის, თქვენთვისაც და ბრიუსელისთვისაც. ასე რომ, ვფიქრობ, ემოციური ფონის მოხსნას უნდა შევეცადოთ. არ ღირს, ისედაც რთული ურთიერთობის კიდევ უფრო გართულება“- განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ბაზის განთავსებაშიც შემაშფოთებელი არაფერია.
„დიახ, ჩვენი პარტნიორები დაგვეხმარნენ და ეს პროგრამა საჩხერეში განხორციელდა, "პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში. როგორც ნატო-ს პარტნიორი ქვეყანა, ამ პროგრამის მონაწილე რუსეთიც არის და მონაწილეობის უფლება მასაც შეეძლო. ახლა, როცა ურთიერთობები შეჩერებულია, სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მინდა აღვნიშნო, რომ იმ სასწავლო ცენტრს, რომელიც საქართველოში განთავსდება, სამხედრო ბაზებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ძალიან მოკრძალებული სასწავლო-საწვრთნელი ცენტრია და ჯერ არც კი ვიცი, რამდენი ოფიცერი ჩამოვა ჩვენთან“ - დასძინა აბაშიძემ.
აბაშიძე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებსაც შეეხო. მისი თქმით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.
„რუსეთი ეკონომიკურ სირთუულეებს ელოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. განიხილებოდა სხვადასხვა სცენარი, რომ ეს იქნება შავი ხვრელი, საიდანაც იაფი ევროპული საქონელი შემოედინება და პროცესი უკონტროლო გახდება. თუმცა, რუსი ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ფაქტობრივად შეუძლებელია“- აღნიშნა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, 2014 წლის 4-5 სექტემბერს, უელსში გამართულ ნატო-ს სამიტზე იმ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაში შეუწყობს ხელს. სწორედ, ამ პაკეტის ფარგლებში იგეგმება საქართველოში სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის განთავსება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






