რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ტელეარხ „რასია 1-თან“ მიცემულ ინტერვიუში უკრაინის კრიზისსა და მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
პუტინმა კატეგორიულად უარყო რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლებლობა.
„ვფიქრობ, რომ ასეთი აპოკალიფსური სცენარის განხორციელება შეუძლებელია და ვიმედოვნებ, რომ ეს არასოდეს მოხდება“ - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს.
„ისეთი დიდი ევროპული ქვეყნის მმართველობამ, როგორიც უკრაინაა, პირველ რიგში ქვეყანა ნორმალური ცხოვრების რიტმს უნდა დაუბრუნობს, დაალაგოს ეკონომიკა, მიხედოს სოციალურ სფეოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები ცივილიზებულად მოაგვაროს, რათა უზრუნველყოს დონბასში მცხოვრები ადამიანების ინტერესებისა და უფლებების დაცვა“ - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პეტრო პოროშენკოს განცხადების კომენტირებისას, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დაბრუნებას გულისხმობს, პუტინმა განაცხადა, რომ ეს „რევანშისტული ხასიათის თემაა.“
მიუხედავად დასავლეთის და უკრაინის ბრალდებებისა, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში „ბოევიკების“ მხარდაჭერისა და კონფლიქტში რუსული არმიის მონაწილეობას უარყოფს.
პუტინის თქმით, მას არ მოსწონს ფაქტი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და რიგი ქვეყნები რუსეთს პირდაპირ ინტერვენციაში ადანაშაულებენ. მისივე თქმით, მსოფლიოს მედიასაშუალებებზე არსებული მონოპოლია, გარკვეულ ქვეყნებს საშუალებას აძლევს რეალობა საკუთარი ინტერპრეტაციით მიაწოდოს მოსახლეობას.
„სწორედ ამიტომ ვერ ხედავს მსოფლიო სიმართლეს და რუსეთს უკრაინაში პირდაპირ შეჭრას აბრალებს “- დასძინა პუტინმა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






