ხელისუფლების ბედი სასწორზე დევს და თუ ის არ ცვლის ეკონომიკურ პოლიტიკას, მაშინ მისი შეცვლის საკითხი დგება - გურამ ჩახვაძე
პოზიცია - 22:34, 23 Feb, 2015     5167
,,როცა მსოფლიოში ინვესტიციების დაბანდების კუთხით განვითარებადი ქვეყნები პრიორიტეტული არაა, მთავრობა პერმანენტულად არ უნდა აცხადებდეს ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თაობაზე. რომელი ჭკუათმყოფელი უცხოელი ინვესტორი ჩადებს ფულს არასტაბილურ ქვეყანაში“.

ლარის კურსის საგანგაშო ვარდნისა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტი“ ედპ-ს ერთ-ერთ ლიდერს, გურამ ჩახვაძეს ესაუბრა.

_მთავრობამ დროის მცირე მონაკვეთში საპირისპირო შეფასებები გააკეთა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თავდაპირველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია საკმაოდ დამაიმედებელია. თუმცა რამოდენიმე დღე გახდა საჭირო რომ, საპირისპირო განცხადება მოყოლოდა.

_მთავრობის თავდაპირველი ოპტიმიზმი პოლიტიკური გარემოებით განპირობებული პროპაგანდა გახლდათ, რომელსაც ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნდა. მიზეზი კი მთავრობის ეკონომიკური პოპულიზმია, რომლის მძევალიც თვითონ აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია ეკონომიკის სიჯანსაღე ძირითადად ოთხი მაჩვენებლით ფასდება, ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, საგარეო ვაჭრობის ბალანსი და უმუშევრობა. ჩვენს შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებლები არაფერს სასიკეთოს არ ამბობენ, ოთხივე მიმართულებით გაუარესებასთან გვაქვს საქმე. გასული წლის ბოლო კვარტალში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დასახულ მაჩვენებელზე სამჯერ ნაკლები იყო. ეკონომიკის ვარდნა თვეების მანძილზე მიმდნარეობდა და როგორც სჩანს, არც წლევანდელი წელი იქნება სახარბიელო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროპის ბანკის ბოლო პროგნოზებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა საგარეო ვაჭრობაში, ექსპორტის მიმართულებით. ყველაფერ ამ ”სიკეთეს” ლარის გაუფასურებაც დაემატა.

_როგორც გამოჩნდა კატალიზატორის როლი ლარის გაუფასურებამ ითამაშა...

_ლარის კურსის დაცემას აქვს სტრესული ხასიათი. ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა შექმნილი მდგომარეობა, პრაქტიკულად უარი თქვა ლარის კურსის მხარდაჭერაზე, დატოვა რა ის ბაზრის ამარა. შედეგმაც არ დააყოვნა. დაეცა ლარის მსყიდველობითუნარიანობა როგორც ქვეყნის გარეთ, დოლარისა და ევროს მიმართ, ასევე ქვეყნის შიდა ბაზარზე. სიტუაციის დრამატიზმი ასევე მდგომარეობს მთავრობის წინდაუხედავ ქმედებებში, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და ინფლაციური პროცესების პროვოცირებას.

_თუმცა მთავრობამ განმარტა, რომ ლარის გაუფასურება საგარეო ფაქტორებითაა განპირობებული, კერძოდ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკები, ზოგადად დოლარის კურსის გამყარება, უკრაინის კრიზისი.

_რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს კრედიტებით, რაც ბოლო წლებში აქტიური საბანკო დაკრედიტების შედეგი გახდა. ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც დასავლეთის სანქციებმა კიდევ უფრო დაამძიმა, რიგითი რუსებისთვის პირველი რიგის პრობლემად გაძვირებული კრედიტების გადახდა გახადა. რუსეთში შექმნა ე.წ. სამომხმარებლო რეცესია, მოთხოვნილების შემცირება. ის, რომ რუსული სამომხმარებლო ბაზარი შემცირდებოდა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ, უკრაინის მოვლენებამდე.

ასევე ცნობილი იყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დამთავრდა ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა(QE), რასაც შედეგად მოყვებოდა დოლარში კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა და საერთაშორისო ბაზარზე დოლარის ლიკვიდურობის შემცირება. პროცესები ლოგიკურად წავიდა დოლარის გამყარების, იგივე დოლარის გაძვირებისკენ.

აღნიშნულის თაობაზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კეთდებოდა პროგნოზები, რა თქმა უნდა ღიად. მთავრობა ვალდებული იყო არა მარტო ცოდნოდა თუ რა ხდებოდა რეგიონში და მსოფლიოში, არამედ ადექვატურ ზომებზეც ეფიქრა, რისი დროც მას ქონდა. არავინ უარყოფს საგარეო ფაქტორს, მაგრამ კრიტიკა მთავრობის უმოქმედებაში მდგომარეობს, რომელმაც სათანადოდ არ შეაფასა საგარეო და საშინაო რისკები და არ შეიმუშავა შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკა.

მაგალითად, როცა მსოფლიოში ინვესტიციების დაბანდების კუთხით განვითარებადი ქვეყნები პრიორიტეტული არაა, მთავრობა პერმანენტულად არ უნდა აცხადებდეს ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თაობაზე. რომელი ჭკუათმყოფელი უცხოელი ინვესტორი ჩადებს ფულს არასტაბილურ ქვეყანაში.

ასევე მთავრობამ რატომღაც დაიჯერა, რომ დასავლეთის პროდუქციაზე რუსეთის მიერ დაწესებულ ემბარგოს საქართველო თავისთვის სასიკეთოდ გამოიყენებდა, რაც როგორც პოლიტიკურად ასევე მარკეტინგულად შეცდომა იყო. ოფიციალური სტატისტიკით მარტო იანვრის თვეში რუსეთში ექსპორტი 60% -ით შემცირდა. ასევე საყურადღებოა, რუსი ექსპერტების პროგნოზი, რომლის მიხედვით რუსეთის ღვინის ბაზარი გაზაფხულისთვის 10-30%-ით შემცირდება.

_როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა ლარის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც შეიქმნა ფასების ზრდის მნიშვნელოვანი საფრთხე, ამიტომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მკაცრდება მონეტარული პოლიტიკა.

_დიდი გამოცანა არ სჭირდება იმის გაგებას, იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას თუ რა შედეგი მოყვება. ამიტომაა ჩვენს შემთხვევაში ლარის სტაბილურობა მნიშვნელოვანი, თორემ ქვეყნები, რომელთა ეკონომიკებშიც ექსპორტი ჭარბობს იმპორტს ზოგჯერ შეგნებულად მიდიან საკუთარი ვალუტის კურსის დაწევაზე, მაგალითად იაპონია.

მართალია ეროვნულმა ბანკმა დაიწყო მოქმედება, კერძოდ მოახდინა დოლარის ინტერვენცია, ასევე გაყიდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, მაგრამ დოლარზე მოთხოვნილება იმდენად ჭარბობს მის მიწოდებას, რომ ჯერჯერობით ლარის კურსზე მათ არ უმოქმედიათ. ცნობისთვის მარტო ბოლო ორ თვეში ქვეყნიდან დაახლოებით მილიარდი ამერიკული დოლარი გავიდა, იგულისხმება უარყოფითი სავაჭრო სალდო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებაში ასევე გამოჩნდა ეკონომიკისთვის ყველაზე არასასიამოვნო ახალი მოვლენის საფრთხე.

_რა იგულისხმება საფრთხეში და რა ახალ მოვლენაზეა საუბარი?

_ ესაა სტაგფლაცია, საითკენაც ქართული ეკონომიკა მიდის. ამ დროს ფასების მატებას თან ერთვის ეკონომიკის ვარდნა. ამ ჰიბრიდულ მოვლენას ახასიათებს, ბიზნესების დახურვა, სამუშაო ადგილების შემცირება, მოქალაქეების შემოსავლების შემცირება, ხარჯების ზრდა ინფლაციის პირობებში. მთლიანობაში ეს ნიშნავს მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონის დაცემას.

პარადოქსი მდგომარეობს ამ ორი პრობლემის, ინფლაციისა და სტაგნაციის მოგვარების საშუალებების ურთითიერთწინააღმდეგობაში. კერძოდ რაც რგებს ინფლაციის მოთოკვას ვნებს ეკონომიკურ ზრდას და პირიქით.

ამ მოვლენამ გასული საუკუნის 70-იანი წლებში იჩინა თავი დასავლეთში. დასავლეთ ევროპამ ამგვარი სიტუაციიდან გამოსვლა შეძლო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით, რაც ინფლაციის შეზღუდვაში გამოიხატა, თუმცა შემცირდა ეკონომიკური ზრდა. და მხოლოდ მაშინ, როცა ინფლაცია დაიყვანეს სასურველ დონემდე დაიწყო ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება. შეერთებული შტატები ამ პრობლემას რეიგანომიკით გაუმკლავდა. სტაგფლაციის ფაზაში იმყოფება დღევანდელი რუსული ეკონომიკა, თუმცა რუსული ანტიკრიზისული თერაპია დასავლურის კარიკატურაა.

_მთავრობას დაგეგმილი აქვს გარკვეული ღონისძიებები, რაც მისი აზრით შედეგის მომცემი იქნება. საუბარია ტურიზმის, ექსპორტის ხელშეწყობაზე, ასევე ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, ახსენეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

_დავიწყოთ ტურიზმით. მხოლოდ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, რაზეც თავის დროზე უარი თქვა ხელისუფლებამ და ახლა ყველა აღიარებს, რომ შეცდომა იყო ტურისტების მოსაზიდად არ კმარა. საჭიროა ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც არ არსებობს. მხოლოდ თურქეთის, რომელიც ლიდერი ქვეყანაა ტურიზმის ინდუსტრიაში, მაგალითი კმარა იმისთვის, რომ დავინახოთ, სად ვიმყოფებით. საგადასახადო შეღავათები და საგადასახადო არდადეგები, სახელმწიფო დოტაციები, ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფოს ხარჯზე, ინვესტიციების მოზიდვაში სახელმწიფო გარანტიები და სხვა კონკრეტული მექანიზმები, ესაა ის გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ტურიზმი გახდეს დარგი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში სერიოზულ განაცხადს გააკეთებს. ასეთი გამოცდილება არსებობს როგორც თურქეთში, ასევე ევროპის წამყვან ქვეყნებში. სამწუხაროდ ანალოგიურს ვერ ვხედავთ ჩვენთან.

ადმინისტრაციული ხარჯების ამ რაოდენობით შემცირება პრობლემას ვერ მოაგვარებს. მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს რომ ამ დოზით ”ქამრების მოჭერა” ვერ უშველის რიგით მოქალაქეებს, რომელთაც ფინანსურ პრობლემები ყელში აქვთ მოჭერილი. შექმნილი ვითარება სახელმწიფო ბიუჯეტის ხელახალ გააზრებას საჭიროებს.

მთავრობამ ყურადღება ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა გაამახვილოს. ერთია, როცა ეროვნული ბანკი ამკაცრებს პოლიტიკას და მეორე როცა მთავრობა ქვეყანაში რეალურად ამკვიდრებს ანტმონოპოლიურ პოლიტიკას, იცავს მომხმარებელთა უფლებებს, აწესრიგებს შრომის ბაზარს, დაბლა წევს გადასახადებს.

_რამდენად შეძლებს მთავრობა შექმნილი მდგომარეობიდან ეკონომიკის გამოყვანას და მეორეს მხრივ რამდენად აქტუალურია ახალი მთავრობის საკითხი?

_ცნობილი ეკონომისტი კეინსი ამბობდა, რომ არსებული საზოგადოებრივი წყობის ჩამოსაშლელად არ არსებობს უფრო ეშმაკური, მაგრამ იმავდროულად უფრო ეფექტური საშუალება, თუ არა ფულის გაუფასურება.

მთავრობას უნდა ახსოვდეს მისდამი ნდობის ლიმიტი ლარის სტაბილურობის პირდაპირპროპორციულია და ლარის გაუფასურების ფონზე მთავრობის ნდობა მარტის თოვლივით დადნება, რადგან ლარის გაუფასურება და თანმდევი ფასების მატება ყველაზე მეტად მოსახლეობის ნაკლებად შემოსავლიან ფენას ურტყამს. ეს ის მოქალაქეებია, რომელთაც იმედი ქონდათ, რომ მათი ცხოვრება გაუმჯობესდებოდა.

ასე, რომ სასწორზე ეკონომიკასთან ერთად მთავრობის ბედიც დევს. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია,რაც დღეს ხდება. ამიტომ თუ მთავრობა არ ცვლის ეკონომიკური პოლიტიკას, ობიექტურად დგება თვითონ მთავრობის შეცვლის საკითხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42