ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი, პედრო აგრამუნტი, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალაუფლება პირადი ინტერესებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით არ უნდა გამოიყენოს.
"საქართველომ,წინასწარი დაკავების ვადის შემცირების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ამ გაუმჯობესების ფონის გათვალისწინებით, ჩემთვის გასაკვირი აღმოჩნდა, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების ასეთი დიდი რაოდენობა რჩება დაკავებული. უდანაშაულობის პრეზუმფციის მიუხედავად, ზოგი მათგანი ღრმა იზოლაციაში იმყოფება,"– წერს პედრო აგრამუნტი თავის განცხადებაში თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ.
"ამ პირობებში მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ამჟამინდელი ხელისუფლების მწვავე კამპანიის ნაწილი წინამორბედების წინააღმდეგ. პოლიტიკური კონკურენტების დემონიზაცია, როგორც ჩანს საქართველოში ორმხრივია და ეს არ არის სასარგებლო დემოკრატიისთვის. დანაშაულში ეჭვმიტანილების დაკავების უფლებამოსილება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით არ უნდა იყოს გამოყენებული და არც ამის შთაბეჭდილება უნდა იქმნებოდეს,"– წერს აგრამუნტი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი გასულ კვირას თბილისშიც იმყოფებოდა და წინა ხელისუფლების დაკავებული ყოფილი წარმომადგენლებიც მოინახულა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






