უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი რუსულ „პირველ არხთან“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, უკრაინაში დაბრუნდება.
„თავიდან არ ამომდიოდა, უკრაინაში დაბრუნებისა და საპროტესტო მოძრაობის სათავეში ჩადგომის სურვილი. თუმცა ვაცნობიერებ, რომ როგორც კი ამას გავაკეთებ, ჩემი მტრები ჩემს გასანდაგურებლად ყველაფერს გააკეთებენ. ჩემი კოლეგები ამ იდეის წინააღმდეგნი იყვნენ და ვწუხვარ რომ ამის გაკეთება ვერ შევძელი. მაგრამ პირობას ვდებ, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, უკრაინაში დავბრუნდები და უკრაინის მოსახლეობისთვის ცხოვრების გასაადვილებლად, ყველაფერს გავაკეთებ“ - განაცხადა იანუკოვიჩმა.
შეგახსენებთ, 2014 წელს, კიევში ანტისამთავრობო დემონსტრაციები დაიწყო. რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციები ტრაგედიითა და მომიტინგეთა დახოცვით დასრულდა. რის შემდეგაც, იანუკოვიჩმა კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე თვითნებური უარი განაცხადა და რუსეთში გაიქცა.
მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, იანუკოვიჩისა და რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, ვიქტორ იანუკოვიჩის ექსტრადირების მოთხოვნით რუსეთს ოფიციალურად მიმართა. რუსეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ იანუკოვიჩის უკრაინისთვის გადაცემას არ აპირებს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






