უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ სჯერა, მაიდნის მოვლენების გამო, მისი წინამორბედი, ვიქტორ იანუკოვიჩი „ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება.“
ამის შესახებ, პოროშენკომ მაიდნის მოვლენების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრების ღისრების ორდენით დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.
„საკუთარ თავისა და თქვენ მიმართ რიტორიკული შეკითხვა მაქვს: რუსეთი ოდესმე გადმოგვცემს მაიდნის სისხლისღვრაში მთავარ დამნაშავე, ვიქტორ იანუკოვიჩს? ეჭვი არ მეპარება, რომ ის ჯოჯოხეთის სამუდამო ცეცხლში დაიწვება, მაგრამ ეს კი მიწიერ იურისდიქციას სცილდება“- განაცხადა პოროშენკომ.
პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონი მიიღო, რომელიც იმ ადამიანების დასჯას ითვალისწინებს, რომლებმაც ადამიანები დახოცეს და ქვეყანა გაძარცვეს.
„თუმცა, ეს საკმარისი არ არის“ - აღნიშნა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინა მაიდნის წლისთავს აღნიშნავს.
ქალაქში უსაფრხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. მობილიზებულია 2 ათასზე მეტი პოლიციელი.
პრეზიდენტმა პოროშენკომ, დაღუპულთა ოჯახის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ღონისძიებები რამდენიმე დღე გაგრძელდება. ხვალისათვის დაგეგმილია ფლეშ-მობი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება.
22 თებერვლას კი კიევში ღირსების მარში მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ათი ქვეყნის ლიდერს ელოდებიან. ცნობილია, რომ სტუმრებს შორის იქნებიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.
2014 წლის 20 თებერვალი, ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული დღე იყო. კიევში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დარბევას 100 მომიტინგე და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






