
„უკრაინსკაია პრავდამ“ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის და უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს წევრ, გიორგი ვაშაძისა და გენპროკურორის პირველი მოადგილის, დავით საყვარელიძის ერთობლივი, ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
„ამჟამად ფრონტის ხაზი უკრაინაში გადის და არსებობს შანსი, რომ მოჯადოებული საბჭოთა წრიდან და იმ მენტალიტეტიდან გავთავისუფლდეთ, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე არსებობდა. სამწუხაროდ, თავისი ტოტალიტარული მენტალიტეტიდან გამომდინარე, რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ჩაყლაპვა სურს. ეს არის ჩვენი საერთო პრობლემა. ვფიქრობ, არსებობს შანსი, თუკი უკრაინა შეძლებს რეფორმების განხორციელებას, რეფორმების ტალღა რუსეთსაც შეეხება და ის იძულებული იქნება დემოკრატიული გახდეს. მას სხვა არჩევანი არ დარჩება. დემოკრატიული რუსეთი კი შესაძლოა ნორმალური პარტნიორი იყოს, მათ შორის, ჩვენთვისაც.
ჩვენი ქვეყნების მთავარი და საერთო სურვილია ნორმალური, თავისუფალი განვითარება ევროპული ფასეულობებით . ამიტომაც ვართ ჩვენ უკრაინაში "- განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ქართველი პოლიტიკოსები უკრაინასთან დიდი ხანია მჭიდროდ თანამშრომლობენ - ჯერ კიდევ მაიდნის მოვლენებამდე. ძველი ხელისუფლების პირობებში "შავ სიაში" მოხვდნენ და მათ უკრაინაში არ უშვებდნენ, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვალა.
გიორგი ვაშაძემ უკრაინის რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ ომის პროცესში რეფორმების განხორციელება რთულია. მაგრამ უკრაინას ორი ფრონტი აქვს. პირველი - ომი და რუსული აგრესია, მეორე- რეფორმები. კორუფცია, რომელიც ყოველდღე ჭამს ქვეყანას.
ჩვენ გვაქვს ქვეყნის მოდერნიზაციის ფორმულა. პირველი : უნდა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც რეალურ რეფორმებს გაატარებენ. საუბარია, დერეგულაციაზე, დებიუროკრატიაზე, დეცენტრალიზაციასა და დემონოპოლიზაციაზე. ჩვენ მას 5D-ს ვუწოდებთ. მეორე: დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა ქვეყანაში უსამართლობის განცდა არ იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ რას საქმიანობს, ერთერთი მთავარი პრობლემა, იმ კადრების ნაკლებობაა, რომლებიც რეალურად შეძლებენ რეფორმების განხორციელებას.
და მოდით, ღიად ვისაუბროთ კორუფციის შესახებ - ეს არის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში და ეს უდიდესი პრობლემაა. ადამიანები უკვე მიეჩვივნენ ამ უკანონო სისტემას და ძალიან ხშირად ისინი ერთმანეთს ებრძვიან. მაგრამ მაშინ, როდესაც მათ ავუხსნით, ურთიერთთანამშრომლობა გარდაუალია და მათ ყველას თანაბარი უფლებები აქვთ, ისინი პურის ამ პატარა ნაჭერს აღარ დაღეჭავენ. თქვენ ყველას გექნებათ პური, რომლის ერთმანეთისთვის გაყოფას შეძლებთ. ყველასა უნდა ესმოდეს, რომ ქრთამის აღების შემთხვევაში, ციხე არ ასცდებათ“ -აცხადებს ვაშაძე ინტერვიუში.
გიორგი ვაშაძე არ აკონკრეტებს ვისი მოწვევით გადაწყვიტა უკრაინაში მუშაობა. მისი თქმით, იმ ქართველ პოლიტიკოსებს , რომლებიც უკრაინის ხელისუფლებას ეხმარებიან, კორუფციასთნ ბრძოლაში დიდი გამოცდილება აქვთ.
„ჩვენი თაობა რეფორმებთან ერთად გაიზარდა, ამიტომაც ამ პროცესში მონაწილეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს უზარმაზარი შინაგანი ენერგიაა, რომელსაც რაღაცის შექმნისგან იძენ“ - აღნიშნა ვაშაძემ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






