დღეს, უკრაინა მაიდნის წლისთავს აღნიშნავს.
ქალაქის მთავარ მოედანზე ერთი წლის წინ, 20 თებერვალს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ღონისძიებას უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პროშენკოც შეუერთდება. წუთიერი დუმილით პატივის მიგებისა და სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად სანთლები დაინთება.
გუშინ, კიევის ცენტრში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალიც გაიხსნა.
ქალაქში უსაფრხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. მობილიზებულია 2 ათასზე მეტი პოლიციელი. კიევის პოლიციის განცხადებით, დღეს 17:00 საათიდან 22:00 საათამდე ქალაქის მთავარი ქუჩები გადაიკეტება.
ღონისძიებები რამდენიმე დღე გაგრძელდება. ხვალისათვის დაგეგმილია ფლეშ-მობი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება.
22 თებერვლას კი კიევში ღირსების მარში მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ათი ქვეყნის ლიდერს ელოდებიან. ცნობილია, რომ სტუმრებს შორის იქნებიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.
შეგახსენებთ, 2014 წლის 20 თებერვალი, ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული დღე იყო. კიევში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დარბევას 100 მომიტინგე და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






