საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ კი საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: ,,ბრიუსელში, მოსკოვში და თბილისში კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას“.
აბაშიძის ამ განცხადებამ კითხვის ნიშნები დატოვა პოლიტიკოსებსა და ექსპერტებში, თუმცა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრიტიკის პასუხად განმარტა, რომ ამ ეტაპზე გეგმაშია ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა და არა ნატოს სამხედრო ბაზის და შეიარაღების განთავსება.
აბაშიძის განცხადება ყურადღების მიღმა არ დარჩენია რუსულ მედიას, „საქართველო: ნატოში გაწევრიანება არც კი განიხილება“- ამ სათაურით ქვეყნდება რუსულ მედიაში ზურაბ აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებული სტატია, სადაც მიმომხილველი აბაშიძის სიტყვების ციტირებას ახდენს. pravda.ru -ს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიტყვებიც მოჰყავს, სააკაშვილის თქმით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარუმატებელი ქმედებები პრორუსული ორიენტაციის შედეგია. ამიტომ იგი ხელისუფლებაში დაბრუნებას და ქვეყნის ორიენტაციის ევროპისკენ შეცვლას აპირებს.
რას ემსახურება ზურაბ აბაშიძის განცხადება, თუნდაც ის პოზიცია, რომ საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყანებს რეგიონულ უსაფრთხოებას. რა უქმნის ქვეყანას საფრთხეს რუსული ჯარი თუ ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა? არსებობს თუ არა საფრთხე, მთავრობამ გადახედოს ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს და რატომ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მაამებლურ განცხადებებს? ეს კითხვები დღეს პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შორის გაჩნდა. ისინი მთავრობას განმარტებას სთხოვენ და ეჭვობენ, რომ ,,ოღონდ რუსეთი არ გაღიზიანდეს“ და მთავრობა მზად არის საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
სხვაგვარად ფიქრობენ მთავრობის წევრები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანდება დღეს და ხვალ არა, მაგრამ ზეგ შეიძლება მოხდეს. მინისტრი უკეთ განმარტებისთვის ,,ოთარაანთ ქვრივს“ იშველიებს ,, პატიოსანი დედაკაცი 9 თვეში შობს ბავშვსო, ანუ 7-თვიანი არავის არ უნდა იყოს“. რა კავშირშია ,,ოთარაანთ ქვრივის“ შეგონება საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან, თუნდაც დროზე ადრე, როცა საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, ზაქარეიშვილის განცხადება ამის განმარტების საშუალებას ნაკლებად იძლევა.
საქართველოს მთავრობას NATO-ში არ ეჩქარება, თუმცა სხვადვარად ფიქრობენ მათი ოპონენტები.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე აბაშიძის პოზიციას ნატოსთან დაკავშირებით საგანგაშოდ და ქვეყნისთვის საზიანოდ აფასებს. ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს დღეს, სიტყვით პროევროპული, თუმცა შინაარსით ევროპისგან შორს მდგომი მთავრობა ყავს.
"რუსეთის სიამოვნების გამო საქართველომ უარი არ უნდა თქვას უკეთეს მომავალზე. აბაშიძის განცხადება საგანგაშო და ქვეყნისათვის საშიშია. აბაშიძის ეს განცხადება ასახავს მთავრობის რეალურ განწყობას. ჩვენდა სამწუხაროდ. ბატონი ზურაბის ამ განცხადებას მთავრობის ყველა წევრმა მხარი აუბა. ამ განცხადებების შინაარსი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის არჩევანს და დამოკიდებულებას და ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულ პროდასავლურ ქმედებებთან. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც ფიქრობს, რომ ეს განცხადება საზიანოა, დააფიქსირონ საკუთარი აზრი და გაემიჯნონ ამ განცხადებას," - აცხადებს დავით ბაქრაძე.
,,ლავროვთან ერთხმაში“ საუბარს უწოდებს ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა რუსეთთან მოლაპარაკების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას. ,,რაც უფრო თვალსაჩინო ხდება დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპრება, რაც ბავშვმაც კი იცის, რომ რუსეთის გარდაუვალი კრახით დასრულდება, საქართველოს ხელისუფლების საგარეო მისწრაფებები სულ უფრო და უფრო ჩრდილოეთისთვის მისაღები ხდება. როგორც სჩანს, პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლს რუსეთთან მოლაპარაკების საკითხებში დამატებითი და ცოტა კომიკური ფუნქციაც დაეკისრა, ანუ ხელისუფლების საგარეო ხედვების ეტაპობრივი გაშიფვრა და შემდგომი ინსტრუქტაჟი დაინტერესებულთათვის. მართალია ქაღალდზე საქართველო ისწრაფვის ნატოსკენ მაგრამ, პრაქტიკაში ეს ასე არ არის - აცხადებს აბაშიძე, ერთხმაში ლავროვთან. აქედან გამომდინარე ვერც ერთი სახელმწიფო უწყება, როგორც არ უნდა ეცადოს, ვერ გააქარწყლებს აბაშიძის განმარტემას, თუ ეს მინიმუმ პრემიერმა ან კიდევ უფრო ,,ზემოთ" არ განმარტეს... თორემ ჩვენი თავდაცვის მინისტრი ისეთი თავგამოდებული ამტკიცებს, რომ რუსეთს სანერვიულო არაფერი აქვსო... რამე უნებურად არ წამოცდეს“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ზურაბ აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს მოუწოდებს გაემიჯნონ ზურაბ აბაშიძის განცხადებას და საქართველოს მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ საქართველოს ევროატლკანტიკურ კურსს საფრთხე არ ექმნება. ,,საინტერესოა რომ აბაშიძის ეს განცხადება დროში დაემთხვა ლავროვის განცხადებას , გუშინ გამართულ კრიზისების საბჭოს სხდომას და თებერვლის ბოლოს დაგეგმილ აბაშიძე-კარასინის შეხვედრას“ - აცხადებენ თავისუფალი დემოკრატები.
ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე კომენტარი გააკეთა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.
"ნატო ალიანსში არავის ითრევს. მთავრობები მოგვმართავენ, რომ სურთ გაწევრიანება. ყველა ქვეყანა თავად აკეთებს ამ არჩევანს. ინფრასტრუქტურა, რაც საქართველოში არსებობს, ეკუთვნის ქართველ ხალხს. რაც შეეხება საწვრთნელ ცენტრს, ის ასევე ნახევრად ქართველი ხალხის საკუთრებაში იქნება. საქართველო აგრძელებს ინტეგრაციის პროცესს ნატოში. ეს მოიცავს შიდა რეფორმებს, რომელიც ტარდება ალიანსთან აქტიური თანამშრომლობით და რაზეც ნატო და საქართველო ყოველწლიურად თანხმდებიან. ეს არის ქართული დოკუმენტი, საქართველოს მიზნებითა და გეგმებით. ეს ის რეფორმებია, რომელსაც საქართველო მიჰყავს ევროპული საზოგადოებისკენ, მათ შორის ნატოსკენაც. ამიტომ ეს მიმდინარე პროცესია. საქართველოს ამ ეტაპზე "მაპი" არა აქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ტექნიკური საკითხია. ამიტომ ტექნიკურად დღეს წევრობაზე ან გაწევრიანების დღეზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ შიდა რეფორმები ეტაპობრივად დაგაახლოვებთ ნატოსთან და ამით მიაღწევთ დასავლურ სტრუქტურებსა და ნატოში გაწევრიანებასაც," - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
როგორ აფასებენ ექსპერტები მთავრობის წარმომადგენლის განცხადებას, ,,ნიუპოსტი“ ექსპერტებს ესაუბრა. ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ თავად მთავრობამ უნდა გაარკვიოს ზურაბ აბაშიძისგან, ვისგან აქვს მას ლეგიტიმაცია ამგვარი განცხადებების გაკეთების.
,,ზურაბ აბაშიძის კომენტარმა კითხვის ნიშნები დატოვა, მე მესმის ის მოტივაცია, რის გამოც აბაშიძემ ეს განცხადება გააკეთა, ის ეცადა ლავროვის პირდაპირი მუქარისთვის საფუძველი გამოეცალა და ერთგვარად დაემშვიდებინა. ამ კეთილშობილური მიზნის მიღმა მის განცხადებაში რეალურად გამოჩნდა, რომ საქართველო თითქოსდა მზად არის შეიცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი და ორიენტაცია.“ - აცხადებს ლაგაზიძე.
ექსპერტი რუსეთის დამშვიდების ქვეტექსტის გარდა, საშიშროებას ხედავს - ხომ არ აქვს ადგილი თავად ხელისუფლებაში საგარეო პრიორიტეტების გადახედვის მცდელობას.
,,ის, რომ საქართველო ერთ-ორ წელში ნატოში ვერ გაწევრიანდება, ეს არავისთვის ახალი არ არის, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, ეს მოწოდებულია მისი მხრიდან როგორც რეალობა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია თუ ხელისუფლების განწყობა, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში მას ნატოში შესვლის პროცესების დაჩქარება და მიდევნება არ სურს.
გასათვალისწინებელია ფონი და კონტექსტი, ეს რომ სხვა დროს ყოფილიყო მოწოდებული შესაძლოა ნაკლებ მტკივნეულად მიეღო საზოგადოებას. იმ ლოგიკურ ჩარჩოში, რა ლოგიკურ ჩარჩოშიც მოგვაწოდა მან ინფორმაცია, აზრი არის ისეთი, რომ ოღონდ რუსეთი ნუ გაბრაზდება და საქართველო მზად არის გადახედოს თავის პოლიტიკურ პრიორიტეტებს“ - აცხადებს ლაგაზიძე.
საზოგადოება ,,ივერიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიპლომატი ნიკოლოზ ვაშაკიძე ,,ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო უწყებამ და ევროინტეგრაციის მინისტრმა მკაფიო განმარტება უნდა გააკეთონ. ,,მათ უნდა დაადასტურონ ან უარყონ ეს პოზიცია, რადგან ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ოფიციალურ კურსს და საქართველოს მოსახლეობის არჩევანს, რომელიც შესაბამის პლებისციტზე დადასტურდა“ - აცხადებს ვაშაკიძე, რომელიც აქვე ხაზს უსვამს პრეზიდენტის პოზიციას, რომლემაც ვაშაკიძის თქმით, დეზავიურება გაუკეთა აბაშიძის ამ განცხადებას, ,,შესაბამისად თუ საგარეო საქმეთა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამინისტროებმაც იგივე გააკეთეს , მაშინ ჩნდება კიტხვა რომელი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას აჟღერებს ბატონი აბაშიძე“ - აღნიშნავს ნიკა ვაშაკიძე.
დაბოლოს, საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ ,,ვთვლით, რომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მოხდეს აბაშიძე-კარასინის და ჟენევის მოლაპარაკებების კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მუშაობა“.
მასალის გამოყენების პირობები






