პროკურატურის ინფორმაციით, ,,თელასის’’ მენეჯერის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულებს მკვლელობა არ ჩაუდენიათ, შესაბამისად, მთავარი პროკურატურა სასამართლოს, გამოვლენილი ახალი გარემოების გამო შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს.
,,საზოგადოებისთვის ცნობილია, 2002 წელს ,,თელასის’’ მენეჯერის ნოკოლოზ ლომინაძის მკვლელობის შესახებ. 2006 წელს მკვლელობა განხსნილად გამოცხადდა და მასზე პასუხისმგებლობა დაეკისრა ,,თელასის’’ ფინანსურ მენეჯერ გიორგი გვიჩიანს, როგორც მკვლელობის დამკვეთს და ნოდარ გვიჩიანს, როგორც შუამავალს შემკვეთს და მკვლელობის შემსრულებლებს შორის და ასევე ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძეს და გიორგი პაპაჩაშვილს, როგორც მკვლელობის უშაულო ჩამდენებს. გიორგი გვიჩიანი გასამართლებულ იქნა სსკ 109-ე მუხლის საფუძველზე და ამას საფუძვლად დაედო ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება – ნოდარ გვიჩიანის მამხილებელი ჩვენება მკვლელობის შეკვეთის შესახებ, რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელისაგან გათავისუფლდა’’, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.
მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ მთავარ პროკურატურას გიორგი გვიჩიანის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა მიმართა და ამ საქმეზე აშშ-ში ჩატარებული ექპერტიზის დაკვნების გადაცემა მოითხოვა, რის შედეგადაც ამ საქმის შესწავლა მოხდა და ახალი გარემოებები გამოვლინდა.
,,2006 წლის 6 იანვარს აშშ-ის ფედერალური ბიუროს საექსპერტო დაწესებულებაში ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექპერტიზა დაინიშნა, სადაც შედარებითი გამოკვლევისთვის გაიგზავნა ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდების დაქტილოფირები, სიგარეტის ორი ნამწვავი, ლომინაძის ტანსაცმელი და ბრალდებულების – ნიკა ჩემიას, ავანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის, ნოდარ გვიჩიანის, ნერწყვის, თმის და თითის ანაბეჭდების ნიმუშები. 2006 წლის 4 აპრილს აშშ-ის ფედერალური ბიუროდან პროკურატურაში შემოვიდა 31 მარტით დათარიღებული დასკვნა, რომლის საფუძველზეც მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ სიგარეტის ნამწვზე მკვლელობის შემსრულებლების – ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის და ნოდარ გვიჩიანის დნმ-ის არსებობა გამოირიცხა, თუმცა აღნიშნული დასკვნა სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულებად არ დაერთო და საქმე სასამართლოში ამ დასკვნის გარეშე წარიმართა. ასევე საქმეს მტკიცებულებად არ დაერთო 2006 წლის 8 თებერვლით დათარიღებული დასკვნა ლაბორატორიაში წარდგენილ მასალაზე, თმისა და ბოჭკოების არარსებობისა და კვლევის არჩატარების შესახებ. საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ამ დასკვნების გამოკვლევის გარეშე 2006 წლის 15 აგვისტოს დადგა’’, - აღნიშნა ნიკოლაშვილმა.
მისივე თქმით, აშშ-ის ფედერალური ბიუროს საექპერტო დაწესებულებიდან მთავარ პროკურატურაში გაურკვეველ დროს შემოსულია 2006 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ორი ანაბეჭდი მკვლელობის შემსრულებელთა – ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილისა და ნოდარ გვიჩიანის თითის ანაბეჭდებს არ წარმოადგენს.
,,აღნიშნული ეპერტიზის დასკვნები ზრდის ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მკვლელობაში მსჯავრებულ პირებს აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენიათ, ქართულმა სასამართლომ გია გვიჩიანი დამნაშავედ სცნო მხოლოდ პირდაპირი ჩვენების საფუძველზე, რომელთა სანაცვლოდ ჩვენების მიმცემმა პირებმა თავისუფლება მოიპოვეს’’, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.
ამასთან, პროკურატურამ ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს აღნიშნული საქმის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართავს და ასევე ბოდიშს უხდის ნიკოლოზ ლომინაძის ოჯახს აღნიშნული ტრაგიკული ამბის გახსენებისთვის და პრაქტიკულად იმის აღიარებისთვის, რომ ლომინაძის მკვლელობა კვლავ გაუხსნელია.
,,პროკურატურაში ფაქტზე სსკ 332-ე მუხლის ანუ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით იწყბა გამოძიება, იმისთვის, რათა დადგინდეს, რატომ არ დაერთო ეს დასკვნები სისხლის სამართლის საქმეს’’, - განაცხადა ნიკოლაშვილმა და არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
მასალის გამოყენების პირობები






