შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ყოფილი მთავარი ბუღალტერი თამარ ფხოველიშვილს და მის მეუღლეს ბრალი წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, ფხოველიშვილმა და მისმა მეუღლემ უკანონოდ 2 227 887 ლარი მიითვისეს.
"2013 წლის დასაწყისში თამარ ფხოველიშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება. მან დანაშაულებრივი განზრახვა გაანდო მეუღლეს - ზურაბ ნუცუბიძეს, რომელთან ერთადაც ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი. ისინი შეთანხმდნენ, რომ თანხის მისათვისებლად სხვადასხვა პერიოდში გამოიყენებდნენ როგორც თამარ ფხოველიშვილის სახელზე გახსნილ პირად ანგარიშს, ასევე ზურაბ ნუცუბიძის მიერ ფორმალურად, მესამე პირებზე დარეგისტრირებული ორგანიზაციებისა და მისსავე სახელზე დარეგისტრირებული ფირმის ანგარიშებს, რომლებზეც წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშიდან უკანონოდ გადაირიცხებოდა დიდი ოდენობით თანხები.
თამარ ფხოველიშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ, განზრახვის შესაბამისად, 2013 წლის 31 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ანგარიშიდან ზემომითითებულ, მათ კონტროლირებად ანგარიშებზე, თითქოსდა წყალმომარაგების კომპანიისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, საერთო ჯამში - 2 227 887 ლარი უკანონოდ გადარიცხეს და მიითვისეს.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2013-2014 წლების პერიოდში თამარ ფხოველიშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხებით შეიძინეს ორი ძვირადღირებული ავტომანქანა და ბინა, რომელიც გამოძიებამ დააყადაღა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ზურა ნუცუბიძე დაკავებულია. ორივე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გამოძიების მიერ მიღებულია ყველა შესაძლო ზომა თამარ ფხოველიშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად, ასევე, გამოძიება გრძელდება დანაშაულის სხვა შესაძლო თანამონაწილე პირთა გამოსავლენად.
მასალის გამოყენების პირობები






